ახალი ამბები

საკრებულომ თბილისის ბიუჯეტი დაამტკიცა

27 დეკემბერი, 2021 •
საკრებულომ თბილისის ბიუჯეტი დაამტკიცა

საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მისი მოცულობა მილიარდ 545 მლნ ლარით განისაზღვრა.

როგორც საკრებულოს სხდომაზე, თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ თქვა, ამ თანხიდან საბიუჯეტო ნაწილი არის მილიარდ 305 მლნ ლარი, დანარჩენი კი სესხია, რომელიც შეადგენს 240 მლნ ლარს.

„საშემოსავლო ნაწილი: ეს არის პრივატიზაცია – 75 მლნ ლარი; საგადასახადო შემოსავლები – 757 მლნ ლარი, მათ შორის, 210 მლნ არის ქონების გადასახადი, ხოლო 547 მლნ – დამატებული ღირებულების გადასახადი; სპეციალური ტრანსფერი, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება აძლევს მუნიციპალიტეტს, არის 225 მლნ ლარი, რომელიც მიმართულია პირდაპირ პროექტებზე, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის მომსახურების მიზნით 43 მლნ 500 ათასი ლარი. სხვა შემოსავლები შეადგენს 203 მილიონს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ხმალაძის თქმითვე, სესხი მოხმარდება შემდეგ საჭიროებებს:

„100 მლნ ლარი მოხმარდება მეტროს ვაგონების შესყიდვას, 60 მლნ ლარი – ახალი ავტობაზების მშენებლობას, 20 მლნ ლარი – პირველი და მეორე ავტობაზის რეაბილიტაციას, 20 მილიონი ლარი გამოყოფილია ჭკვიანი შუქნიშნების
პროექტისთვის, 30 მლნ – ნარჩენების მიმართულებით ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, ხოლო 8 მლნ ლარი – დიღმის ჭალების პარკის მოწყობისთვის“, – აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი