ახალი ამბები

ღარიბაშვილი თოლორაიას „მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში“ მუშაობას სთავაზობს

27 დეკემბერი, 2021 • 2252
ღარიბაშვილი თოლორაიას „მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში“ მუშაობას სთავაზობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას „მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში“ მუშაობას სთავაზობს.

ღარიბაშვილს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ჰკითხეს. ასევე ჰკითხეს ისიც, თუ რატომ განიხილავენ გაუქმების შესახებ კანონპროექტს დაჩქარებული წესით.

„თუ ხელისუფლება თვლის, ანალიზს უკეთებს და ეს მოსაზრება გამყარებულია არგუმენტებით – ეს არის ხელისუფლების პრეროგატივა და ექსკლუზიური უფლება, დისკრეციული უფლება, რომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის – შეცვალოს, გააუმჯობესოს, ინსტიტუტი თუ სამსახური, რეფორმა მოახდინოს. აბა თუ ვიტყვით, რომ სტატიკური მდგომარეობაა და არაფერს ვეხებით, ეს ეწინააღმდეგება მთავარ იდეას, რომ ეს არის ცოცხალი პროცესი,“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მისივე თქმით, ის დეტალებში არ შევა, თუმცა, პარლამენტს აქვს თავისი გეგმა-გრაფიკი და დღის წესრიგი.

„ვიცი, რომ თვის ბოლომდე პარლამენტი ცდილობს, რომ ყველა მიმდინარე საკითხი დახუროს, შემდეგ არის არდადეგები მოგეხსენებათ. ალბათ, აქედან არის ნაკარნახევი ეს – დავარქვათ სიჩქარე, მაგრამ მე სიჩქარეს ვერ დავარქმევდი. კითხვა შემდეგია – რაიმე უკანონოს აკეთებს ჩვენი პარლამენტი? პასუხი არის – მარტივი, არა. შესაბამისადვე, ჩვენი კანონმდებლობა, რეგლამენტი ითვალისწინებს, მათ შორის, დაჩქარებული წესით მიღებას რაიმე კანონის, მაშინ რატომ არა?

თუ მეორე მხარის არგუმენტი იქნება, რატომ არ მოხდა ამის განხილვა, ოპოზიციის ჩართვა და ა.შ. – ვის აქვს ილუზია, რომ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას კონსტრუქციულ რეჟიმში ამა თუ განხილვაში? შესაბამისად, ესა თუ ის რეფორმა გაჯანსაღებას, გაძლიერებას, მით უფრო, იდეაში, მე ეს ვიცი კარგად, დაგეგმილი არის ამ სამსახურის გაყოფა 2 სამსახურად და მისი კიდევ უფრო გაძლიერება. მეტი დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა, უფლებები – მგონი, ეს ყველაფერი კარგია,“ – განმარტავს ის.

საკითხზე საუბრის ბოლოს, ღარიბაშვილი ამბობს, რომ თოლორაიას მიმართ პიროვნულად არაფერი აქვს საწინააღმდეგო. პირიქით, იცის, რომ კარგი კადრია და მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში დასაქმებას სთავაზობს.

„მე არ მინდა ინდივიდებზე ვილაპარაკო, ამ შემთხვევაში, ქალბატონ ლონდა თოლორაიაზე.. მე შემიძლია აქედანვე საჯარო შეთავაზება გავუკეთო ქალბატონ ლონდას, მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში.. ვიცი, რომ იგი არის კვალიფიციური და გამოცდილი კადრი, მანამდე პროკურატურასა და პოლიციაში მუშაობა.. ჩვენ სიამოვნებით… თუ მას აღარ მოუნდება კონკურსში მონაწილეობა, მას ყველა კარი აქვს ღია და მე პირადად, აქედანვე ვუკეთებ შეთავაზებას. ასე, რომ არავითარი პიროვნული საკითხი აქ არ არის,“ – დასძენს ის.


„ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.

კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან. ამის შესახებ მან დღეს, 27 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება.

სახელმწიფო ინსპექტორის კრიტიკული გადაწყვეტილებები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი