ახალი ამბები

საზმაუს ჟურნალისტის მიმართ მუქარა და შევიწროება რეალურ საფრთხეს შეიცავს – კოალიცია

27 დეკემბერი, 2021 • 2642
საზმაუს ჟურნალისტის მიმართ მუქარა და შევიწროება რეალურ საფრთხეს შეიცავს – კოალიცია

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ, „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერთა მხრიდან შევიწროება და შეურაცხყოფა რეალურ საფრთხეს შეიცავს.

საქმე ეხება 24 დეკემბერს თბილისში პოლიტიკური პარტიის „კონსერვატიული მოძრაობა“ [„ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული პარტია] აქციას, რომელიც სახალხო დამცველის ოფისის წინ გაიმართა.

აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წევრების გათავისუფლებას, რომლებიც 5 ივლისის საქმეზე დაკავებულნი არიან. კოალიცია ამბობს, რომ სწორედ ამ დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, ქეთი თუთბერიძეს არ მიეცა პროფესიული საქმიანობის თავისუფლად შესრულების შესაძლებლობა.

„გავრცელებული კადრებიდან, ჩანს, რომ აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტი ალყაში მოაქციეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგვიანებით ჟურნალისტის მიმართ აგრესია სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა, რაც ქეთი თუთბერიძის მიმართ ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის შევიწროების ერთ-ერთ მიზეზად მის მიერ მომზადებული მასალა “ალტ-ინფოს” სახიფათო იდეოლოგია სახელდება,“ – წერს კოალიცია.

2021 წლის 5 და 6 ივლისს ჟურნალისტების მასობრივი დარბევის ფონზე კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების და შევიწროების ფაქტები რეალურ საფრთხეებს შეიცავს.

„აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების და შევიწროების ფაქტების დაუყოვნებლივ შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებენ,“.


„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ჰომოფობიური აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა. აქციის მიმდინარეობისას თავს დაესხნენ და მუშაობაში ხელი შეუშალეს მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს, შეიჭრნენ მოძრაობა ‘სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისებში. ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს, მაგრამ ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია ოფიციალური დასკვნა სიკვდილის მიზეზებთან დაკავშირებით).

5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა დანაშაულის ორგანიზატორები შსს-ს ამ დრომდე არ გამოუვლენია.

ჯამში, იმდღევანდელი მოვლენების შემდეგ, შსს-მ 50-ზე მეტი ჟურნალისტი ცნო დაზარალებულად. რამდენიმე მათგანი მძიმედ დაშავდა.

აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

გარდა ამისა, ჟურნალისტები ხაზს უსვამდნენ პოლიციის უუნარობას, ისინი დაეცვა, – 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, პოლიციელები შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილები.

„ალტ-ინფომ“ რამდენიმე კვირის წინ დააფუძნა პოლიტიკური პარტია, რომლის სახელწოდებაა „კონსერვატიული მოძრაობა“.

დამფუძნებელი ყრილობის შემდეგ სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ დაწერა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, აღნიშნული პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი