ახალი ამბები

„ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული პარტია ომბუდსმენის ოფისთან აქციას მართავს

24 დეკემბერი, 2021 • 2226
„ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული პარტია ომბუდსმენის ოფისთან აქციას მართავს

„ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ სახალხო დამცველის ოფისთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეები 5 ივლისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

სახალხო დამცველის ოფისთან მობილიზებულია პოლიცია.


„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ჰომოფობიური აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა. აქციის მიმდინარეობისას თავს დაესხნენ და მუშაობაში ხელი შეუშალეს მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს, შეიჭრნენ მოძრაობა ‘სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისებში. ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს, მაგრამ ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია ოფიციალური დასკვნა სიკვდილის მიზეზებთან დაკაშირებით).

5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა დანაშაულის ორგანიზატორები შსს-ს ამ დრომდე არ გამოუვლენია.

ჯამში, იმდღევანდელი მოვლენების შემდეგ, შსს-მ 50-ზე მეტი ჟურნალისტი ცნო დაზარალებულად. რამდენიმე მათგანი მძიმედ დაშავდა.

აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

გარდა ამისა, ჟურნალისტები ხაზს უსვამდნენ პოლიციის უუნარობას, ისინი დაეცვა, – 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, პოლიციელები შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილები.

„ალტ-ინფომ“ რამდენიმე კვირის წინ დააფუძნა პოლიტიკური პარტია, რომლის სახელწოდებაა „კონსერვატიული მოძრაობა“.

დამფუძნებელი ყრილობის შემდეგ სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ დაწერა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, აღნიშნული პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში.

მთავარი ფოტო: მარიამ ნიკურაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი