ახალი ამბები

ვაფასებ, რომ თანამდებობა გამდიდრებისთვის არ გამოუყენებია – სააკაშვილი მარგველაშვილზე

27 დეკემბერი, 2021 • 4544
ვაფასებ, რომ თანამდებობა გამდიდრებისთვის არ გამოუყენებია – სააკაშვილი მარგველაშვილზე

გორის ჰოსპიტალში ვიზიტის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ მიუხედავად წარსული განსხვავებებისა, მისთვის მარგველაშვილი პატივისცემას იმსახურებს.

სააკაშვილი ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ამბობს, რომ დღევანდელი შეხვედრა საინტერესო, შინაარსიანი და ვრცელი იყო.

„მიუხედავად წარსულში სერიოზული პოლიტიკური განსხვავებებისა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი იმსახურებს პატივისცემას. მინდა გამოვყო რამდენიმე ფაქტორი, თუ რის გამო:

ჩემთვის განსაკუთრებით ფასეულია, რომ მან, ბევრისგან განსხვავებით, არ გამოიყენა საკუთარი თანამდებობა პირადი გამდიდრებისთვის და პრეზიდენტობის შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. დავრწმუნდი, რომ გულთან ძალიან ახლოს მიაქვს ხალხის გაჭირვებული ყოფა. ჩემში ეჭვს არ იწვევს მისი პატრიოტიზმი და პროდასავლური ორიენტაცია. ასევე, ვაფასებ მის ინიციატივებს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების დიალოგზე, პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტაზე. აბსოლუტურად ზუსტად და თამამად გამოთქვამს იმ რეალობას, რომ მე ვარ ნამდვილად პუტინის პირადი პატიმარი,“ – წერს სააკაშვილი.

მისივე თქმით, არ შეიძლება არ დაფასდეს ისიც, რომ „ამ ძნელბედობის ჟამს მან თავის თავზე აიღო მაკონსოლიდირებელი როლი,“, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს და „ამ მხრივ, ორივემ, სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა შეიძლება შეასრულონ ნამდვილად ისტორიული მისია,“.

„ამიტომ, მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას, თუნდაც იმ პირობებში, როგორც დღეს ნიკა მელიამ თქვა, შანსი მინიმალურიც რომ იყოს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს მზადყოფნას, და ეს გიორგისთან განვიხილე სამი პრეზიდენტის შეხვედრაზე, ჩემი მხრიდან ყოველგვარი პირადი თხოვნების, (განსაკუთრებით, შეწყალების თაობაზე), გარეშე.

ასევე, მე და გიორგი ორივე ვიზიარებთ შეშფოთებას მოშიმშილეების მდგომარეობაზე და მე ვაფასებ მის ინიციატივას, მოინახულოს ისინი და საკუთარი ხედვა და ჩვენი საერთო შეშფოთება გააცნოს,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


დღეს 27 დეკემბერს გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ექსპრეზიდენტთან ქვეყნის წინაშე მდგარი გეოპოლიტიკური გამოწვევები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ამ პირობებში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტთან ერთად საერთო ფორმატის შექმნაა აუცილებელი.

ვრცლად:

რაზე ისაუბრეს მარგველაშვილმა და სააკაშვილმა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი