ახალი ამბები

რაზე ისაუბრეს მარგველაშვილმა და სააკაშვილმა

27 დეკემბერი, 2021 • 2539
რაზე ისაუბრეს მარგველაშვილმა და სააკაშვილმა

საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მარგველაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტთან ქვეყნის წინაშე მდგარი გეოპოლიტიკური გამოწვევები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ამ პირობებში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტთან ერთად საერთო ფორმატის შექმნაა აუცილებელი:

„ჩვენ გვქონდა უაღრესად პროდუქტიული შეხვედრა და არის რამდენიმე საკითხი, რომელიც მინდა გავუზიარო ქართულ საზოგადოებას. პირველ რიგში, შეხვედრის ძირითადი ნაწილი ვსაუბრობდით იმ უსაფრთხოების გარემოზე, რაც საქართველოს წინაშეა ამ დღეებში. დეტალურად გავუზიარეთ ერთმანეთს და მიმოვიხილეთ საქართველოს გარშემო შექმნილი ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარება, რომლის მთავარი აქტორიც არის რუსეთი.

რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მათ შორის უკრაინას, ავტომატურად სარკისებურად აისახება საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე. ვსაუბრობდით იმის თაობაზე, რომ ჩვენი ვალია როგორც ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტების და მთავარსარდლების გავიზიაროთ ეს ღრმა შეშფოთება და ქალბატონ სალომესთან ერთად ვიღვაწოთ იმ მიმართულებით, რომ რაღაც მომენტში მთელ ამ დაპირისპირებას რაც ჩვენს შორის არსებობს, შეიძლება ძალიან მძიმე გამოწვევა დაუდგეს წინ, სადაც ჩვენ ყველას უნდა გვქონდეს ფუნდამენტი და საფუძველი გაერთიანებისა ერთი გამოწვევის წინააღმდეგ“ – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

მისი თქმით მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია და მიუხედავად ქვეყნის შიგნით უთანხმოებებისა, მიიჩნევს, რომ მიხელ სააკაშვილის ციხეში ყოფნა მხოლოდ პუტინის ინტერესშია:

„ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემთვის ადამიანი რომელიც აქ არის პატიმრობაში არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი. რამდენიც არ უნდა გვქონდეს ჩვენ უთანხმოებები ერთმანეთთან წარსულში ან მომავალში, ეს არის ადამიანი, რომელიც პუტინის უმთავრეს ინტერესშია ეს ადამიანი იყოს ქართველების მიერ დაპატიმრებული. ეს არის ჩემი პირადი შეფასება. ვთანხმდებით რა ორივენი, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშეა საქართველო, ჩვენ მიგვაჩნია რომ პრეზიდენტების და მთავარსარდლების გაერთიანება ამ თვალსაზრისით და ტემპერატურის დაწევა შიდა დაპირისპირებისა რომელიც ქალბატონი სალომეს მიერ არის ინიციირებული უაღრესად მისასალმებელი დროული და მხარდასაჭერია“ – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან ერთად მრგვალი მაგიდის გარშემო დასხდომა მხოლოდ იმ პირობებში მიაჩნია შესაძლებელი, თუ ქვეყანაში ყველა საქმეზე, რომელიც პოლიტიკურად მოტივირების ნიშნებს შეიცავს მორატორიუმი გამოცხადდება. მე-4 პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები ვერ შედგება, თუ მასში ჩართული მხარეების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა გაგრძელდება:

„ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მზაობა და მოწონება იმისა, რომ ბუნებრივად როდესაც ვლაპარაკობთ ახალი ფურცლის გადაშლაზე, ბუნებრივი იქნებოდა ჩვენ ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი და ამ ფორმატმა ყველა განსხვავებულობის მიუხედავად ქართველ ხალხს გაუგზავნოს გზავნილი რომ საერთო მტრის წინააღმდეგ ჩვენ ყოველთვის ვერთიანდებოდით და დღესაც იქნებით გაერთიანებული მიუხედავად იმისა რომ შევინარჩუნებთ განსხვავებულობას.

ამის პარალელურად მე პირადად მინდა აღვნიშნო, რომ მიმაჩნია სწორი რომ გადავწყვიტოთ რომ გარკვეული პოლიტიკური მორატორიუმი გამოვაცხადოთ ჩვენი შეფასებით პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე. ეს არის სააკაშვილის საქმეები, ხაზარაძის საქმე, ეს საქმე არის მელია და გვარამია. ის საქმეები რაც მიიჩნევა, მოსახლეობის დიდი რაოდენობის მიერ მოტივირებულად. ამ საუბრის წინაპირობა არ შეიძლება იყოს ამ საუბრის აქტორების მიმდინარე დევნა. წინაპირობად ამ ურთიერთობის უნდა იყოს ეს“ – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი