ახალი ამბები

არ თქმულა, რატომ განიხილავენ კანონპროექტის დაჩქარებულად — თოლორაია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

27 დეკემბერი, 2021 • 1574
არ თქმულა, რატომ განიხილავენ კანონპროექტის დაჩქარებულად — თოლორაია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომლის თანახმადაც მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახური უნდა გაუქმდეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილეს, თუმცა დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზი მითითებული არ არის. ამის შესახებ თოლორაიამ აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ბიუროს სხდომაზე ეს კანონპროექტი უკვე განიხილეს. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ბიუროზე ეს კანონპროექტი დაჩქარებული წესით, ჩვეულებრივად წავიდა წინ. მე ძალიან ვწუხვარ, რომ არც ერთი სიტყვა არ არის მითითებული და არ თქმულა, რატომ ხდება დაჩქარებული წესით ამ კანონპროექტის განხილვა ყველას ჩართულობის გარეშე, ამიტომ მე ვრჩები იგივე აზრზე, რაც დილას ბრიფინგზე გავაჟღერე, რომ ეს მიზანმიმართული შტურმია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე”, — განაცხადა თოლორაიამ.

ის ასევე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც მათ ლონდა თოლორაიას საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, თუ კობახიძე მართალს ამბობს, მაშინ ყველა უწყების ყველა თანამშრომელი საკუთარ სამსახურებრივ პოზიციაზე უნდა დარჩეს.

რაც შეეხება სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმირებულობას, თოლორაიას განცხადებით, მან და სამსახურის სხვა თანამშრომლებმა 25 დეკემბერს შეიტყვეს უწყების შესაძლო გაუქმების შესახებ.

“ლონდა თოლორაიამ არც არაპირდაპირ და არც პირდაპირ ამ დღემდე ამ გადაწყვეტილების შესახებ არ იცოდა”, – განაცხადა მან.

ამასთან, მისი შეფასებით, კანონპროექტში არსებული რეგულაციები შრომითი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს ეწინააღმდეგება, რის გამოც კანონპროექტი დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციურია.


„ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება. კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან. ამის შესახებ მან დღეს, 27 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი