ახალი ამბებირეკლამა

„90 პროცენტით დაზიანებული ფილტვი კოვიდამდელ მდგომარეობას ვერ დაუბრუნდება“ – ინფექციონისტი აცრისკენ მოგვიწოდებს

27 დეკემბერი, 2021 • 3104
„90 პროცენტით დაზიანებული ფილტვი კოვიდამდელ მდგომარეობას ვერ დაუბრუნდება“ – ინფექციონისტი აცრისკენ მოგვიწოდებს

რუხის კლინიკა ეხმარება აფხაზებთან  „ხიდჩატეხილობისპრობლემას და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ხიდი აღდგეს,  – ინტერვიუ კლინიკის ინფექციონისტთან.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ინფექციონისტი მაიკო ჯანაშია საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს, ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. როგორც ის ამბობს, ამ ეტაპზე ჩვენი და ჩვენთვის საყვარელი ადამიანების გადარჩენის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, რათა ყველაზე ცუდი გამოსავალი, რასაც ლეტალობა ჰქვია, მინიმუმადე დავიყვანოთ.

ინფექციონისტი რუხის კლინიკაში არსებულ მდგომარეობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს კლინიკა აფხაზებთან „ჩატეხილი ხიდის“ აღდგენაში დიდ როლს შეასრულებს, რადგან ოკუპირებული ტერიტორიებიდან პაციენტების მომართვიანობა საკმაოდ დიდია.

მაიკო ჯანაშია, ინფექციონისტი:

– ამ ეტაპზე, კოვიდთან მიმართებით, უფრო სტაბილური ვითარებაა, ვიდრე ორი კვირის წინ იყო. შემთხვევათა რაოდენობა შემცირდა. კოვიდგანყოფილებაში 100 -მდე პაციენტია, რომელთა შორის არიან დე – ფაქტო საზღვარზე გადმოსული პაციენტებიც. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, შედარებით უფრო გააქტიურდა. დეკემბერში მომართვიანობა საკმაოდ გაიზარდა, მათ შორის, უფრო მეტად – აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეების, რადგან ვაქცინაციის პუნქტი  ე.წ. საზღვართანაც არის და, იქაც და კლინიკაშიც, პირადი რეკომენდაციებით ბევრი რეკავს.

ამ სტატისტიკით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საგრძნობლად მომატებულია ვაქცინირებული ადამიანების რიცხვი, მაგრამ ეს არ არის ჩვენი სამიზნე, უფრო მეტი გვჭირდება, რადგან  ველოდებით, რომ ერთ-ორ კვირაში ახალი შტამი ცირკულირებას დაიწყებს და უფრო მეტად მომზადებულები რომ შევხვდეთ მას, მეტი ვაქცინირებული ადამიანი გვჭირდება.

თქვენ როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ვაქცინაციაზე მომართვიანობის გაზრდა?

– მე მგონია, რომ უკვე ვაქცინაციის პრაქტიკაც დაგროვდა, ნდობის ფაქტორიც უფრო მეტად გაიზარდა – რომ ხედავენ, ამდენი – ასობით ათასი მოქალაქე აიცრა, რომლებსაც ვირუსის შემთხვევაში ინფექციის ბევრად უფრო მსუბუქი მიმდინარეობა ჰქონდათ, ამდენი ახლობელი რომ ჰყავთ გარდაცვლილი… განსაკუთრებით აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტები არიან მძიმე მდგომარეობით. ჩვენი მხრიდანაც ხდება ინფორმაციის მიწოდება, რომ პაციენტების უმრავლესობა აცრილი არ არის, აცრილების 2-3 პროცენტი თუ ხვდება კლინიკაში და ისინიც მსუბუქად არიან.

ამ ყველაფერს რომ უყურებენ და ბრუნდებიან სახლებში, ბოლოს ყველა აღიარებს, რომ იმ საშინელების გამოვლას, აცრა სჯობდა.

კიდევ ერთი ფაქტორია ის, რომ უფრო აქტიურად ავლაპარაკდით ვაქცინაციაზე, უფრო მეტად გავუწიეთ პოპულარიზაცია და მეტ-ნაკლებად გადამდებია ინფორმაციაც და დაფიქრდნენ აცრის აუცილებლობაზე. ახლა, როცა ვხედავთ, გვიტევს ახალი შტამი, რომელიც უფრო სწრაფად გადამდებია, ერთადერთი, ამ დროისთვის, რაც გვაქვს, არის ვაქცინა და ეს რესურსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

უფრო მეტად, რა ასაკის ადამიანების მომართვიანობა შეინიშნება?

– უფრო მეტი მომართვიანობა არის ახალგაზრდების მხრიდან. შუა ხანს გადაცილებულები უფრო სკეპტიკურად უყურებენ, ზოგადად, მედიცინას და ურჩევნიათ ჩრდილქვეშ ყოფნა. მე, მაგალითად, არ მესმის იმ ადამიანების, ვისაც შვილები აცრილი ჰყავს და თვითონ არ იცრება, რადგან ეშინია ან არ ენდობა ვაქცინას. უმეტესად იცრებიან სტუდენტები, ახალგაზრდები, რადგან მათ გააზრებული აქვთ, რომ შედარებით აქტიური ცხოვრებით ცხოვრობენ და ამიტომ ვალდებულებები არიან, რომ აიცრან. ასეთი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ვფიქრობ, ყველამ უნდა გავიზიაროთ.

მომართვიანობის გაზრდის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი კვლავ სკეპტიკურად უყურებს ვაქცინას. თქვენ, როგორც ექიმი, რას ეტყოდით ამ ადამიანებს?

– ერთ რამეს ვეტყოდი მათ. არცერთმა ადამიანმა, – თუ ახლოს არ არის მედიცინასთან, – ნებისმიერი პრეპარატის, რომელსაც ვიღებთ, ან ვაქცინის, რომელსაც ასაკობრივად ვიყენებთ, შემადგენლობა არ იცის და არავინ უყურებს მათ გვერდით ეფექტებს. თავიდან ხომ მასაც უყურებდნენ სკეპტიკურად.

ახლა, როცა იცი, რომ შენი შვილი უამრავი დაავადებისგან იქნება დაცული, მით უმეტეს, ისეთ გარემო პირობებში, რომელიც ყოველდღიურად უარესდება, ნანოტექნოლოგიების საუკუნეში, არაფრით შეიძლება ისეთ ჯილდოზე უარის თქმა, რომელსაც ვაქცინაცია ჰქვია.

ვისაც ასეთი შეხედულება აქვს, რომ კოვიდს გადაიტანს და კარგად იქნება და არ იცის, ვაქცინა რას უზამს, მოდით, შევთანხმდეთ, რომ არავინ იცის, 2 – 3 – 5 წლის შემდეგ ვირუსი რა ნარჩენ მოვლენებს დატოვებს, მაშინ როცა, ის იმდენად რთულად აზიანებს თითოეულ ორგანოს, რომ უამრავი ადამიანი თვეების შემდეგაც ებრძვის მას.

ფილტვი, რომელიც დაზიანდება 90 პროცენტით, სიცოცხლის ბოლომდე მისი აღდგენა იმ დონეზე, რომ დაუბრუნდეს კოვიდამდე მდგომარეობას, შეუძლებელია. ამიტომ  უფრო ღრმად უნდა გაიაზრონ ეს ვითარება. ხელოვნურად შექმნილიც რომ იყოს, ვაქცინამ, რომელიც უკვე, თითქმის, 100 პროცენტით გაშიფრულია და გენურ დონეზე იცი, რა შეიძლება გამოიწვიოს, არ შეიძლება ისე დაგაზარალოს, როგორც კოვიდმა, რომელიც ჯერ არც ვიცით, როგორი წარმომავლობისაა. არ მგონია, მისი ნდობა უფრო შეიძლებოდეს, ვიდრე გაშიფრული ფორმულის, რომელიც ჩვენს ორგანიზმში შედის ვაქცინის სახით.

საკმაოდ დიდი ხანია, რუხის კლინიკა კოვიდპაციენტებს კურნავს. თუ გყოლიათ ისეთი პაციენტი, რომელიც დღემდე გახსოვთ და არ დაგავიწყდებათ?

– ასეთი ბევრი იყო, მაგრამ ერთი განსაკუთრებული შემთხვევა გვქონდა. არასოდეს დამავიწყდება აფხაზეთიდან გადმოსული სამი წლის გოგონა. გოგონას აფხაზეთში დაეღუპა დედა და მამა და ზრდიდა 80 წელს გადაცილებული მამიდა. ეს მამიდა  ძალიან მძიმედ იყო, მაგრამ ამ ბავშვის მიმართ უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდა  და სულ ამბობდა, რომ მინიმუმ 10 წელი მინდა ვიცოცხლო, რომ ამან კეთილის და ბოროტის გარჩევა მაინც ისწავლოსო. სხვა მიზანი მას არ ჰქონდა და მთელი კლინიკა – როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პერსონალი,  დარაზმული იყო მამიდის გადასარჩენად და ჩვენ ეს გამოგვივიდა. რომ გავწერეთ მამიდაც და ბავშვიც, არასოდეს დამავიწყდება მათი შეხვედრა და ორივეს ცრემლები, ისინი პრაქტიკულად მეორედ დაიბადნენ. ამ ბავშვისთვის იმდენად უცხო იყო ამდენი ზრუნვა და თბილი მოპყრობა, ძალიან ემოციური სანახავი იყო ეს ყველაფერი. მინდა, ოდესმე, რომ გაიზრდება, სკოლის ასაკის რომ გახდება, დავუკავშირდე და ცხოვრების განმავლობაში დავუდგე გვერდში, რითაც შევძლებ. შენახული მაქვს ამ ბავშვის კოორდინატები და, როგორც კი პანდემია დასრულდება, მინდა ვიპოვო და კომუნიკაცია მქონდეს მასთან. ამ ბავშვის მიმართ გამიჩნდა შვილობილობის განცდა.

ასეთი ამბავი ბევრია. განსაკუთრებით აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტები მინდა გამოვყო, მათ აქვთ ძლიერი სენტიმენტები, კი იციან, რომ თავიანთ ქვეყანაში არიან, მაგრამ თან რაღაც ისე ვერ გრძნობენ თავს, როგორც უნდა იყვნენ. მათზე აქ განსაკუთრებულად ზრუნავენ, რადგან ეზოში ახლობელიც არ ელოდებათ, რომ მოიკითხონდა ამ ყველაფერს მედპერსონალი აკეთებს. მე ვფიქრობ, რუხის კლინიკა ეხმარება „ხიდჩატეხილობის“ პრობლემას და ყველაფერს აკეთებს ამ ხიდის აღსადგენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი