ახალი ამბები

მოქმედებთ როგორც მაფიოზური დაჯგუფება — მეზვრიშვილი „ოცნებას“

27 დეკემბერი, 2021 • 1966
მოქმედებთ როგორც მაფიოზური დაჯგუფება — მეზვრიშვილი „ოცნებას“

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამდებობის გაუქმებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ოცნება“ ავტორიტარული სისტემებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით აგრძელებს დამოუკიდებელი ინსტიტუტების განადგურებას.

მისი შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შესახებ კანონპროექტი „ოცნებისთვის“ ჩვეულ სტილში, „რეფორმის სახელით“ პარტიულ ვერტიკალს უქვემდებარებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, სისტემის ძალადობისგან მოქალაქეთა დაცვის უკანასკნელ დამოუკიდებელ მექანიზმს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დაკავებისას ან პატიმრობაში ყოფნისას თქვენზე სამართალდამცავები იძალადებენ, ძალადობის ობიექტურად გამოძიების და დამნაშავეთა დასჯის იმედი აღარ უნდა გქონდეთ — სამართალდამცავთა ძალადობის მაკონტროლებელი დამოუკიდებელი უწყება აღარ იარსებებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ ლუკა სირაძის მსგავს ტრაგედიებს ობიექტური გამომძიებელიც არ ეყოლება. პროკურატურა და სასამართლო ისედაც აღარ ჰყავს“, — წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

მეზვრიშვილის თქმით, ამ ფონზე, „ოცნების“ განცხადებები სამსახურის გაძლიერებაზე არის ფარსი და ამბობს, რომ რეალობა არის შემდეგი:

  • ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დღეს იმართება პარტიიდან. მართლმსაჯულების სისტემას სრულად აკონტროლებს ხელისუფლება. პარტია მართავს ძალოვან უწყებებს, პროკურატურას, სასამართლოს. ყველაფერი პარტიის სამსახურშია, არაფერი — ხალხის;
  • ერთადერთი დამოუკიდებელი უწყება, რომელიც მოქალაქეებს სისტემის დანაშაულისგან იცავს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია, რომლის შექმნა 2012 წლამდე ადამიანების მიმართ ხელისუფლების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამოძახილი იყო;
  • ეს სამსახური დღეს განვითარების პროცესშია. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მინიჭების შემდეგ, მთავარი ამოცანა პრაქტიკული დამოუკიდებლობისთვის ქმედითი ბერკეტების მინიჭება უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში კი პროკურატურისგან დამოუკიდებლად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება;
  • ამის ნაცვლად „ოცნებამ“ ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი მეთოდებით, დემოკრატიაზე მორიგი შტურმი განახორციელა და არჩევითი ორგანოს ლიკვიდაცია გადაწყვიტა (ყველა თანამშრომლის სახლში გაშვებით)… ლიკვიდაცია უწყების, რომლის ხელმძღვანელი 6 წლის ვადით, პარლამენტის მიერ არის არჩეული და იმუნიტეტი იცავს. მიზანი მარტივია — უწყების დაკომპლექტება პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი კადრებით;
  • შეტევა „ოცნებამ“ წინასაახალწლოდ დაგეგმა, როცა საერთაშორისო პარტნიორები ისვენებენ. კანონპროექტი ფართო განხილვის გარეშე, ერთპიროვნულად დაწერა და დაჩქარებული წესით, რიგგარეშე სხდომაზე იხილავს.

ნათია მეზვრიშვილი „ქართული ოცნებას“ მოუწოდებს, განიხილოს საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ მიერ სექტემბერში ინიცირებული და თაროზე შემოდებული კანონპროექტი, რომელიც საგამოძიებო უწყებების გაძლიერებას და გამოძიების ხარისხის გაზრდას ისახავს მიზნად და გაითხოვოს მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც „საგამოძიებო სისტემის რეფორმის იმიტაციაა და მისი თითოეული პუნქტი პროკურატურისთვის ძალაუფლების შენარჩუნების და საგამოძიებო ორგანოების დაკნინების მიზანს ემსახურება“.

„აღმოფხვერით ინტერესთა კონფლიქტი პროკურატურაში — ჩამოართვით ამ უწყებას საგამოძიებო ფუნქცია და გამოძიებაში აქტიური მონაწილეობის უფლება და დაუტოვეთ მხოლოდ საზედამხედველო; აღმოფხვერით ინტერესთა კონფლიქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში — გაიტანეთ ცალკე ანტიკორუფციული სამსახური და შექმენით დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო; გაატარეთ გენერალური ინსპექციების რეფორმა; დანერგეთ ეროვნული პოლიციის კონცეფცია, რომლის პირობებში პოლიციის ხელმძღვანელი არ იქნება პოლიტიკური თანამდებობის პირი; დაშალეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და აღმოფხვერით სასამართლო სისტემაში არაფორმალური გავლენები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიეცით საგამოძიებო მოქმედებების დამოუკიდებლად ჩატარების უფლება, შეცვალეთ კანონი და გაათავისუფლეთ პროკურატურაზე დამოკიდებულებისაგან; გაატარეთ კრიმინოგენური მდგომარეობის შესაბამისი თანმიმდევრული პოლიტიკა; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა აქციეთ ქვეყნის პრიორიტეტად და ამ ყველაფრის შემდეგ იქნებ შეიძინოთ მორალური უფლება, რომ მაგ სიგიჟეზე, რაც დააინიცირეთ, მინიმუმ დისკუსია გახსნათ“, — წერს მეზვრიშვილი.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმების გატარების ლეგიტიმაცია არ აქვს.

„ამიტომ ძალაუფლების განსამტკიცებლად მოქმედებთ როგორც მაფიოზური დაჯგუფება — აუქმებთ ვადით არჩეულ ინსტიტუტებს; საპარლამენტო რესპუბლიკაში ცხვირსახოცებივით, ახსნა-განმარტების გარეშე ცვლით პარლამენტის თავმჯდომარეებს; მოსყიდვით და დაშინებით ცვლით არჩევნების შედეგებს. ერთი მხრივ, პროდასავლურობაზე პრეტენზია და მეორე მხრივ, ეს მეთოდები თვისობრივად შეუთავსებელია. დასავლეთში თქვენნაირ მმართველობებს ავტორიტარულს ეძახიან“, — აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

„ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.

კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

მასალების გადაბეჭდვის წესი