პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი უკანონოს უწოდებს მოსამართლე ლევან ყოლბაიას გადაწყვეტილებას, რომელმაც დაუშვებლად ცნო მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა მისთვის პატიმრობის გაუქმების შესახებ.
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში იქნებოდა სწორი ამ შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობა და რატომ არის ეს გადაწყვეტილება უკანონო ამაღლობელთან მიმართებით.
“კანონი როცა კანონობს, დაუშვებლად იცით, როდის ცნობენ ხოლმე ასეთ შუამდგომლობას? როცა ბრალდებულს პატიმრობა განმეორებითი დანაშაულის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულების განადგურების ან მიმალვის საფრთხის გამო აქვს შეფარდებული და ეს გარემოებები შუამდგომლობის შეტანის მომენტისთვის არ შეცვლილა.
მზია ამაღლობელი არც რეციდივისტია, ვის უნდა დაემუქროს ან რა უნდა გაანადგუროს, როცა კამერებზეა ყველაფერი აღბეჭდილი, ან სად გარბოდა? ანუ ადამიანს თავიდანვე უკანონოდ შეუფარდეს პატიმრობა და ახლა პროფესიული თავმოყვარეობაც არ ჰყოფნით, გაათავისუფლონ.
შიმშილობის გამო კი არ უნდა გაათავისუფლონ. ეს ქალი უდანაშაულოა. არც ერთი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა ჰქონდეს შეფარდებული. ასეთი ბევრი საქმე წაუგიათ სტრასბურგში ნაცებს და ასეთს ბევრს წააგებენ ქოცები. მზია ამაღლობელის საქმე ამ მხრივ გამორჩეული იქნება”, – წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
დღეს, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. ადვოკატები მიუთითებდნენ რამდენიმე გარემოებაზე, რის გამოც მოსამართლეს მზია ამაღლობელი უნდა გაეთავისუფლებინა წინასწარი პატიმრობიდან.
იურისტების პოზიციებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე:
- მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მზია ამაღლობელის შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო
- რატომ არის უსაფუძვლო პროკურატურისა და სასამართლოს არგუმენტები ამაღლობელის პატიმრობაზე – განმარტება
მზია ამაღლობელი გამოცემების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელია. იგი პროტესტის ნიშნად უკვე 34 დღეა შიმშილობს.
კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. შიმშილობაში მყოფი მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარი თქვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2025 წლის 21 იანვარს.