ახალი ამბები

წელს პირველად პარლამენტმა ჩვენი კრიტიკული ანგარიში არ მოისმინა – თოლორაია

27 დეკემბერი, 2021 • 1395
წელს პირველად პარლამენტმა ჩვენი კრიტიკული ანგარიში არ მოისმინა – თოლორაია

სახელმწიფო ინსეპქტორი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ინსპექტორის კრიტიკული ანგარიშის მოსმენაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან დღეს, 27 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, ლონდა თოლორაიას თქმით, სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილება, პარლამენტის წევრების კომენტარებშიც პირდაპირ და მკაფიოდ არაერთხელ იქნა გამოხატული.

„2021 წელს პარლამენტს წარვუდგინეთ ჩვენი საქმიანობის ანგარიში, რომელიც არის ძალიან დეტალური და კრიტიკული ანგარიში, რომელიც ისტორიაში პირველად, პარლამენტმა არ განიხილა და არ მოისმინა“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისი თქმით, 24 დეკემბერს პარლამენტს წარუდგინეს საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიზანი სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება და სამოხელეო დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრაა, თუმცა პარლამენტს არც ამ წინადადების მიმართ გამოუხატავს ინტერესი.

როგორც ლონდა თოლორაია ამბობს, ნაცვლად იმისა, საქართველოს პარლამენტს ხელი შეეწყო სამსახურის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, დაიწყო სამსახურის დაჩქარებული გაუქმების ძალიან სახიფათო პროცესი.

„პროექტის ინიცირებამდე საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის არ დაუსვამს არც ერთი კითხვა, შექმნა თუ არა რაიმე პრობლემა ამ ორი ფუნქციის ერთი უწყების ქვეშ თანაარსებობამ. ამასთან, საქართველოს პარლამენტის მიერ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელით, მაშინ როდესაც საქართველოს პარლამენტში, 2019 წლის მაისიდან უმოძრაოდ დევს კანონპროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომლის მიზანი საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაა, კრიტიკას ვერ უძლებს“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

„ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.

კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

მასალების გადაბეჭდვის წესი