ახალი ამბები

სამინისტროს თითოეული თანამშრომელი ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი – ტიკარაძე

26 დეკემბერი, 2021 • 1537
სამინისტროს თითოეული თანამშრომელი ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პანდემიის კრიზისის პერიოდში სამინისტროს თანამშრომლები ხშირად იყვნენ “ბულინგის მსხვერპლნი”. ამ საკითხზე მან 26 დეკემბერს, წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

“ახლა, ალბათ, უკვე მაქვს იმის უფლება, რომ ვთქვა, რომ ჩემი მოლოდინი ყოველთვის რატომღაც უფრო ის იყო, რომ ყველა, საზოგადოება მათ შორის, იქნებოდა გაცილებით უფრო დამნდობი და პარტნიორული, ვიდრე ისეთი, რასაც ჩვენ ვხედავდით…

სამინისტროს თითოეული თანამშრომელი ძალიან ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი და ამას არ აკლებდნენ არც ბატონ პაატას, ბატონ ამირანს, ქალბატონი თამარიც ხშირად იყო მსხვერპლი.

ბატონი თენგიზი [ცერცვაძე არ არის სამინისტროს თანამშრომელი, მაგრამ შეიძლება, ყველაზე მეტი თანამშრომელი ბატონი თენგიზი იყოს, ვინაიდან მთელი ამ პანდემიის პერიოდში ის არის იმ დროშის მატარებელი, რასაც პაციენტის დაცვა ჰქვია და არ ერიდებოდნენ არც მის ასაკს, არც მის სტატუსს, არც მის კვალიფიკაციას და იცით, თუ რა გვაქვს გამოვლილი”, – დასძინა მან.

ტიკარაძის თქმით, “ჯანდაცვის სექტორი ნებისმიერი სიდიდის ტალღას გაუძლებს”, თუმცა “თუმცა ეს არ უნდა გახდეს იმის მიზეზი, რომ ჩვენ მოვადუნოთ ყურადღება მთავარი გამოწვევისგან და ვაქცინაციას არ შევუწყოთ ხელი”.

ტიკარაძის სიტყვებით, ლეტალობის არსებული მაჩვენებელი “დრამატულია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის”.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით 69 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1661 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 512 პირი ემსხვერპლა.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა, თუმცა თქვა, რომ თვის ბოლომდე რჩება მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, რის შემდეგაც “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში გადაინაცვლებს.

ამ დრომდე უცნობია, ვინ შეცვლის ტიკარაძეს მინისტრის პოზიციაზე.

“ჯანდაცვის სექტორი ნებისმიერი სიდიდის ტალღას გაუძლებს” – ტიკარაძის ანგარიში

მასალების გადაბეჭდვის წესი