ახალი ამბები

ხმაურის შემდეგ ცესკოს სხდომა ჟურნალისტებისთვის დაიხურა

17 თებერვალი, 2010 • 1450
ხმაურის შემდეგ ცესკოს  სხდომა ჟურნალისტებისთვის დაიხურა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სიებთან დაკავშირებით შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან ხმაურში გადაიზარდა, რის შემდეგაც სხდომა ჟურნალისტებისთვის დაიხურა.

 “მრეწველების” ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის მტკიცებით, საარჩევნო სიაში 18 კორპუსი აღმოაჩინა, რომლებიც საერთოდ არ არსებობს.  მაგალითად კი ვარკეთილის მე–4 მ/რ–ნის მესამე კვარტალში 19 „ა“ და „ბ“ არარსებული კორპუსები მოიყვანა.  მან ასევე თბილისის მთავრობის 2000 წლის დადგენილება წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც,  ვარკეთილის მე–4 მიკრორაიონი ვაზისუბანს მიეკუთვნა და ვარკეთილში აღნიშნული მიკრორაიონი საერთოდ აღარ არსებობს.


“მრეწველების” საპასუხოდ, სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ აღნიშნული კორპუსის სურათი წარმოადგინა, რომელზეც მისამართად ვარკეთილის მე–4 მ/რ–ნის მესამე კვარტალის 19 კორპუსი იყო მითითებული. მისივე თქმით, ადამიანები,  რომლებიც ამ კორპუსებში არიან რეგისტრირებული, ნამდვილად არსებობენ და ამავე კორპუსებში ცხოვრობენ.  ვაშაძ ამბობს, რომ  შეცდომაა მისამართში. კერძოდ, აღნიშნული კორპუსების ნომრებს მიწერილი  აქვს “ა” და “ბ”.

ტყემალაძე დაინტერსდა, 2000 წლის შემდეგ აღებულ პირადობის მოწმობები უნდა გაცემულიყო თუ არა ახალი მისამართით, რაზეც ვაშაძემ აღნიშნა – “ის, რომ  ვარკეთილის აღნიშნული მიკრორაიონი  ვაზისუბანს მიეკუთვნა,  ამის შესახებ სამოქალაქო რეესტრში ინფორმაცია არ არის დაფიქსირებული.

თინა ხიდაშელმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებებს აკეთებს, იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციურ პარტიებს შენიშვნები არა აქვთ, და განმარტა, რომ ზოგიერთი პარტია თავის შენიშვნებს ეტაპობრივად წარმოადგენს, ნაწილი პოლიტიკური პარტიებისა კი ერთიან დასკვნას მოამზადებს.

მანვე  შეახსენა კომისიის თავმჯდომარეს, რომ პოლიტიკურ პარტიებს გარკვეული ვადა აქვთ სიების გადამოწმებისთვის.
ტყემალაძის ინიციატივით სხდომა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.

ამავე თემაზე:

ამომრჩეველთა რაოდენობა მცირდება

მასალების გადაბეჭდვის წესი