ახალი ამბები

“კითხვის ნიშნებს ბადებს” – თოლორაია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

25 დეკემბერი, 2021 • 1796
“კითხვის ნიშნებს ბადებს” – თოლორაია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ეხმაურება მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც 2019 წელს შექმნილი სახელმწფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად 2 უწყების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

ლონდა თოლორაია ,,წინასაახალწლო სიურპრიზს” უწოდებს ამ ინიციტივას და ამბობს, რომ ეს ყველაფერი კითხვის ნიშნებს ბადებს.

“მე და ჩემმა თანამშრომლებმა, ინტერპრესნიუსიდან გავიგეთ, რომ 2021 წლის 22 დეკემბერს, კონსპირაციულად, დაჩქარებული წესით, დაინიცირდა კანონპროექტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ,,გაუქმების” შესახებ. ეს მაშინ, როცა 2021 წლის 9 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტთან ვცდილობ კომუნიკაციას სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის დაინიცირებაზე (ამ კოორდინაციის პროცესში, პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი სიტყვა თქმულა ზემოაღნიშნულ ინიციატივაზე). შესაბამისი კანონპროექტი გუშინ (24 დეკემბერს) გავაგზავნეთ საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა კითხვის ნიშნებს ბადებს, დასვენების დღეებში, კანონპროექტის დაინიცირება დაჩქარებული წესით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე. იმედი მაქვს, ეს პროცესი შეჩერდება! მაშინ, როცა გავეცნობი კანონპროექტს და მექნება მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, გავაკეთებ უფრო დეტალურ კომენტარს. მანამდე კი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებო, ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება კანონით ნაკარნახევი”, – ნათქვამია თოლორაიას განცხადებაში.

“ქართული ოცნების” წევრმა დეპუტატებმა მომზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.

ეს ინფორმაცია თავდაპირველად IPN-მა გაავრცელა და მისი ნამდვილობა ნეტგაზეთს კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა გურამ მაჭაარაშვილმა დაუდასტურა. კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

“ოცნება” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას აპირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი