ახალი ამბები

რამდენი ადამიანია ცხინვალში დაკავებული

24 დეკემბერი, 2021 • 1491
რამდენი ადამიანია ცხინვალში დაკავებული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ამჟამად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 7 მოქალაქე, თუმცა სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ეს რაოდენობა შესაძლოა მეტიც იყოს.

ამ დროისთვის საჯაროდ გავრცელებული და დადასტურებული მონაცემებით, ცხინვალში პატიმრობაში იმყოფებიან:

  1. მამუკა ჩხიკვაძე,  ყოფილი სამხედრო, რომლის დაკავების შესახებ ინფორმაცია 12 დეკემბერს გავრცელდა;
  2. ვლადიმერ კანიაშვილი, რომელიც 10 დეკემბერს დააკავეს;
  3. კახაბერ ნათაძე, რომელიც ასევე 10 დეკემბერს დეკემბერს დააკავეს.

ამასთან, 23 დეკემბერს სოფელ აძვთან რუსმა სამხედროებმა 4 ადამიანი დააკავეს.

24 დეკემბერს „ნეტგაზეთს“ სუს-ში განუცხადეს, რომ ცხინვალის მიმართულებით უკანონო პატიმრობაში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.

სავარაუდოდ, სუსი სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებს გულისხმობს.

აქტივისტების ცნობები

თუმცა, არაოფიციალური ცნობებით, დაკავებულთა რაოდენობა შესაძლოა უფრო მეტიც იყოს. კერძოდ:

„ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი, დავით ქაცარავა „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, დაახლოებით 2020 წლის დეკემბერში/2021 წლის იანვარში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე, რომელთა ვინაობაც საჯაროდ უცნობია.

გარდა ამისა, კონფლიქტების საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI-ს) ინფორმაციით, 2021 წლის 5 ოქტომბერს დააკავეს კიდევ 3 პირი, რომელთა ვინაობაც ასევე უცნობია.

ამ მონაცემების შეჯამებით, გამოდის, რომ უკანონო პატიმრობაში 12 პირია, რომელთაგან 9 ადამიანის ვინაობა უცნობია.

სუსი კი ამ დროისთვის 7 ადამიანის უკანონო პატიმრობას ადასტურებს.

„არ არსებობს, სუს-ს ინფორმაცია არ ჰქონდეს“

24 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა განაცხადა, რომ უკანონო დაკავების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმირებულია:

„ასეთი მოვლენა, რომ სუს-მა არ იცოდეს უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია, არ არსებობს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამჟამად „7 ადამიანი იმოფება უკანონო პატიმრობაში“.

რაც შეეხება მათი ვინაობისა და დაკავების ფაქტების გასაჯაროების საკითხს, მან ჟურნალისტებს განუცხადა:

„უკანონო დაკავების შესახებ და უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხდება, პირველ რიგში, მათი, ანუ უკანონოდ დაკავებულების და მათი ოჯახის წევრების ინტერესის გათვალისწინებით და არა რომელიმე პირის, გარეშე პირის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად“.

გიორგი საბედაშვილის თანახმად, „ზოგ შემთხვევაში ამ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა დააზიანოს უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლების პროცესი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი