ახალი ამბები

უწყებები მეიჯარეებისგან მოითხოვენ, არ დაუშვან საკლუბო სივრცეების გახსნა — კლუბების განცხადება

23 დეკემბერი, 2021 • 1335
უწყებები მეიჯარეებისგან მოითხოვენ, არ დაუშვან საკლუბო სივრცეების გახსნა — კლუბების განცხადება

თბილისის საკლუბო სცენის წარმომადგენელთა თქმით, მას შემდეგ, რაც აკრძალვის მიუხედავად მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს, შესაბამისი უწყებები საკლუბო სივრცეების მეიჯარეებისგან მოითხოვენ, არ დაუშვან კლუბების გახსნა.

24 დეკემბერს გავრცელებული განცხადების ხელმომწერნი მოუწოდებენ მეიჯარეებს, არ აჰყვნენ აღნიშნულს, საკლუბო სცენის მხარდამჭერებს კი სთხოვენ, გაერთიანდნენ საცეკვაო მოედნების გადასარჩენად.

განცხადებაში ვკითხულობთ:

“უსაფრთხო სივრცე საფრთხეშია!

მივმართავთ თბილისის ელექტრონული მუსიკის, საფესტივალო და საკლუბო სცენის წარმომადგენლებს, ერთგულ გულშემატკივრებს, მხარდამჭერებს, მოცეკვავეებს და კომუნებს. ჩვენ მიერ ინიცირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა #Openculture მიზნად ისახავდა ღია და დახურულ სივრცეებში ხალხმრავალი ღონისძიების დროს ვირუსის გავრცელების რისკების კვლევას, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებას და საერთო სტანდარტის დანერგვას.

სწორედ ეს სტანდარტი უნდა გამხდარიყო 22 თვის წინ დახურული საკლუბო სცენის უსაფრთხოდ გახსნის წინაპირობა. საკლუბო სცენის წარმომადგენლები მოთმინებითა და პასუხისმგებლობით ველოდებოდით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა და 22 დეკემბერს წინასწარ შემუშავებული და შეთანხმებული პროტოკოლით სივრცეების გახსნაზე უარი მივიღეთ.

ფიზიკური განადგურებისგან თავის ასარიდებლად, იმ პირობებში, როდესაც თავად ხელისუფლება აანონსებს უამრავ ხალხმრავალ ღონისძიებებსა და შეკრებებს, ჩვენ სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა შეთანხმებული წესებითა და ვირუსის გავრცელების მინიმუმამდე შემცირების მექანიზმით.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩვენი შეჩერებისა და დაგეგმილი წვეულებების გაუქმების მიზნით, შესაბამისმა უწყებებმა დაიწყეს საკლუბო სივრცეების მეიჯარეებთან კომუნიკაცია, მათგან მოითხოვენ, რომ თავად მეიჯარეებმა არ დაუშვან კლუბების გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ სადამსჯელო ღონისძიებებს, რაც ცალსახად წარმოადგენს შანტაჟისა და მუქარის, დაშინებისა და რეპრესიის გზას, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია.

გვინდა ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ ეს გზა არ არის პრობლემის სასიკეთოდ გადაჭრის მცდელობა, თუ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიზანი პრობლემის გადაჭრაა და არა მისი გამწვავება, რაშიც, მათ მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, ეჭვი გვეპარება.

მოვუწოდებთ სივრცის მეიჯარეებს, არ აჰყვნენ უკანონო შანტაჟს და არ დაუშვან იმ სივრცეების გაქრობა, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ამ სივრცეების გაქრობა არა მხოლოდ კანონის, ეთიკისა და მორალის, არამედ ისტორიის კანონზომიერებას ეწინააღმდეგება.

რაც მთავარია, მოგიწოდებთ ჩვენი სცენის აქტიურ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს, გავერთიანდეთ ქალაქის უმნიშვნელოვანესი კულტურული კერების, იმ საცეკვაო მოედნების გადასარჩენად, რომელიც თითოეული თქვენგანის საკრალურ მომენტებსა და ისტორიებს ინახავს.

ჩვენ არ ვნებდებით და ვაპირებთ ბრძოლას!”

განცხადებას ხელს აწერს:

  • The Cultural and Creative Industries Union of Georgia
  • 4GB
  • BASSIANI
  • Boom Boom Booking Agency
  • Bude
  • CAFE-GALLERY
  • Colibri
  • DAISI • დაისი
  • დედაენის ბარი
  • KHIDI
  • Kibe
  • Left Bank
  • Lisi Rest
  • Lisi Wood
  • MIONI
  • Millennials
  • მტკვარზე • MTKVARZE
  • Mzesumzira
  • რეფლექტორი / Reflector
  • Swing Festival
  • TES
  • TIVI • ტივი “

მიმდინარე კვირაში უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბში თქვეს, რომ საკოორდინაციო საბჭოს არ მიუღია კლუბების გახსნის გადაწყვეტილება.

აღნიშნულის შემდეგ საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა გაახმიანეს გადაწყვეტილება, ღამის კლუბებზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, მუშაობა დადგენილი პროტოკოლით განაახლონ.

კლუბების განცხადებით, აკრძალვის მიუხედავად მუშაობას გააგრძელებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი