ახალი ამბები

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

23 დეკემბერი, 2021 • 982
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის მესამე მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა. ქალაქის საკრებულოს სხდომა დღეს, 23 დეკემბერს გაიმართა.

ზუგდიდში მოქმედი “რადიო ათინათის” თანახმად, თავმჯდომარის პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატურა წამოაყენეს, თუმცა პროცესი კენჭისყრამდე ვერ მივიდა.

საბოლოოდ სხდომა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს, 11 იანვრამდე გადაიდო.

“ის, რაც [მმართველმა პარტიამ] წააგო, ახლა ცდილობს, ცენტრალური ხელისუფლებიდან ზეწოლით კი არ გააბათილოს, არამედ მოიგოს”, — უთხრა “ნეტგაზეთს” თამარ ბელქანიამ, პარტია “ლელოს” წარმომადგენელმა და წალენჯიხის ვიცე-მერმა.

“ჩვენ შევთავაზეთ მას 22 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელიც არის “ლელოდან”, რომლის უკანაც დგას ახალგაზრდობა. მაგრამ იმდენად ჩამყაყებულია პოლიტიკური სპექტრი წალენჯიხაში, რომ მათ უარი თქვეს ამაზე.

ბიუჯეტი ამ ფონზე არის დაუმტკიცებელი. ხალხი საერთოდ არ აინტერესებთ”, — დასძენს ბელქანია.

კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულო თავმჯდომარეს ირჩევს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

წალენჯიხის საკრებულოში არცერთ ცალკე აღებულ პარტიას არ აქვს უმრავლესობა. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმებაა საჭირო განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის.

ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი.

წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, რომელსაც ოპოზიციონერი მერი ჰყავს. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა.

მთავარი ფოტო: “რადიო ათინათი”

მასალების გადაბეჭდვის წესი