ახალი ამბები

ოპოზიცია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე ვერ თანხმდება

16 თებერვალი, 2010 • 1482
ოპოზიცია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე ვერ თანხმდება

ოპოზიციური პარტიები თბილისი მერობის ერთიან კანდიდატზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.  პარტიების წარმომადგენელბი უკვე გამოხმაურნენ „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებას,  რომ ერთიანობის შემთხვევაში ოპოზიციის გამარჯვება ადგილობრივ არჩევნებში ”გარდაუვალი იქნება”.

”ეს ბუნებრივია, რომ ჩვენ საერთო ძალებით, ერთიანი კანდიდატით უნდა გავიდეთ ამ არჩევნებზე. ამ შემთხვევაში გამარჯვება იქნება გარდაუვალი. ამიტომაც, ჩვენ ამ ერთობას აუცილებლად შევქმნით… პროცესში ვართ მოლაპარაკების, ერთობა შეიძლება სხვა ფორმებითაც იქნას მიღწეული,” – განაცხადა ალასანიამ 16 თებერვალს.

ირაკლი ალასანია თბილისის მერის კანდიდატად უკვე დაასახელა მოძრაობამ “ალიანსი საქართველოსთვის”.  მის ამ ინიციატივას ოპოზიციური პარტიების ნაწილი უკვე გამოეხმაურა.

თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიკა ივანიშვილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებას და მერობის საერთო კანდიდატზე  შეჯერებას წარმოუდგენელს უწოდებს.

“ვერც კი წარმომიდგენია, ნოღაიდელის მოძრაობა და მსგავსი პარტიები, თუნდაც “ქრისტიან-დემოკრატები” ვინმესთან საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, ოპოზიციური ერთობისგან შორს არ იქნებოდა, თუ მთელი ოპოზიციური სპექტრის, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანება მოხდებოდა.

“თუმცა ამის სურვილი ოპოზიციაში არ არის და, შესაბამისად, ჩემთვის არავის მოუმართავს გაერთიანების შესახებ კონსულტაციებისთვის”,-აღნიშნა ივანიშვილმა.

„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ერთი-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე ოპოზიციის გაერთიანებას თბილისის მერობის საერთო კანდიდატის ირგვლივ იმ შემთხვევაში მიესალმება, თუ ეს კანდიდატი ‘’მრეწველების’’ ლიდერი და ბიზნესმენი გოგი თოფაძე იქნება.

“ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთი  ლიდერი ლევან ვეფხვაძე დარწმუნებული არ არის, რომ ოპოზიციაში თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე შეჯერების რეალური სურვილი არსებობს.

“როცა საუბრობ ოპოზიციის ერთობასა და ერთიან კანდიდატზე, წინა დღეს საკუთარი თავი მერობის კანდიდატად არ უნდა დაასახელო” – ამბობს ვეფხავაძე –”დაახლოებით  6 თვეა, რაც ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე ლაპარაკობს და ჯერ კონკრეტული ნაბიჯი არ გადადგმულა”.

„კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთლიდერს კახა კუკავას კი მიაჩნია, რომ “პრაიმერი ერთადერთი რეალური საშუალებაა იმისთვის, რომ მერობის კანდიდატები შეირჩეს. ერთიან კანდიდატზე შეთანხმების სხვა გზა გულისხმობს იმას, რომ სხვა პარტიების კანდიდატებმა რომელიმე ერთის სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურები მოხსნან და არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ამისთვის, ჯერ ერთი, არავინ არის მზად და მეორეც, არამგონია, ეს ზოგადად ოპოზიციური სპექტრისთვის იყოს სასარგებლო, რადგან ეს ჩვენი გამარჯვების შანსებს შემცირებს”.

ოპოზიციის გაერთიანება და ერთიან იდეებზე შეთანხმება აუციელებელია და ერთიანი ლიდერი ნებისმიერი კანდიდატი შეიძლება იყოს, – ამის შესახებ “დაიცავი საქართველოს” ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ გუშინ, ირაკლი ალასანიასა და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

“ერთიანი კანდიდატი აუცილებელია და ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი კანდიდატი. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ გაერთიანება ერთადერთი საშუალებაა, რომ ეს ხელისუფლება დავამარცხოთ”, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

თბილისის მერი პირდაპირი წესით, 30%-იანი ბარიერით აირჩევა. გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, არანაკლებ 30%-ისა.  მმართველ პარტიას თბილისის მერობის კანდიდატი ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი