გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილე, რამაზ გერლიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა, იპოვეს.
გერლიანი ღამით პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იყო. დაკითხვის შემდეგ კი ჟურნალისტებთან განმარტა, რომ თავს ცუდად გრძნობდა.
მისივე თქმით, სურამში იმყოფებოდა და „ძირითადად, სურამის ტყის მიმართულებით ვმოძრაობდი“. მიზეზზე საუბრისას გერლიანი განმარტავს, რომ პოლიციის თანამშრომლის მხრიდან განიცდიდა ზეწოლას „უღირს და პატივის ამყრელ ქმედებას და ეს იყო ძირითადი მიზეზი, რაც დაგროვდა ამ დროის განმავლობაში და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე“.
ეკონომისტის, რამაზ გერლიანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა ოჯახის ახლობელმა, სალომე შავიანიძემ. შავიანიძის ცნობით, გერლიანის მანქანა ავჭალის პოლიციის განყოფილებასთან იპოვეს. მისი თქმითვე, მანქანა ღია იყო და მასში გერლიანის მანქანის გასაღები და საბუთები იყო დატოვებული.
რომანოზ გერლიანის ცნობით, პოლიციას მისი ძმის გაუჩინარების შესახებ კვირა საღამოს აცნობეს. ძმის თქმითვე, ნერვიულობის საფუძველს ოჯახს აძლევდა რამაზ გერლიანის მიერ კვირა დილას ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც პოლიციის თანამშრომლის მიერ ზეწოლაზე და მის საკუთრებაში „უკანონოდ შეჭრაზე“ საუბრობს.
გერლიანის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებული მასალების თანახმად, მან 14 ნოემბერს მიმართა შსს-ს.