ოჯახის ცნობით, ეძებენ რამაზ გერლიანს, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს 2017-19 წლებში.
მისმა ძმამ, რომანოზ გერლიანმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ ოჯახის მას კვირიდან, 19 დეკემბრიდან მოყოლებული ეძებს.
ძმის ცნობით, რამაზ გერლიანი მის კუთვნილ არცერთ სახლში – არც ავჭალაში და არც სამგორში – არ იმყოფება და არც ახლობლებს აქვთ ინფორმაცია მისი სამყოფელის შესახებ.
მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა ოჯახის ახლობელმა, სალომე შავიანიძემ.
შავიანიძის ცნობით, გერლიანის მანქანა ავჭალის პოლიციის განყოფილებასთან იპოვეს. მისი თქმითვე, მანქანა ღია იყო და მასში გერლიანის მანქანის გასაღები და საბუთები იყო დატოვებული.
რომანოზ გერლიანის ცნობით, პოლიციას მისი ძმის გაუჩინარების შესახებ კვირა საღამოს აცნობეს. ამჟამად ისინი ელოდებიან რაიმე ცნობას ნებისმიერი პირისგან გერლიანის ადგილმდებარეობის შესახებ.
ძმის თქმითვე, ნერვიულობის საფუძველს ოჯახს აძლევს რამაზ გერლიანის მიერ კვირა დილას ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც პოლიციის თანამშრომლის მიერ ზეწოლაზე და მის საკუთრებაში „უკანონოდ შეჭრაზე“ საუბრობს.
გერლიანის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებული მასალების თანახმად, მან 14 ნოემბერს მიმართა შსს-ს.
გერლიანს ასევე გამოქვეყნებული აქვს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისგან მიღებული, გამოძახების შემდეგ შედგენილი რეაგირების ოქმი.
ოქმის თანახმად, 14 ნოემბერს, 11:45 საათზე პოლიცია, რამაზ გერლიანის განცხადების შემდეგ, მივიდა ჩარგლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც მისი ყოფილი მეუღლე ცხოვრობს.
ოქმში წერია, რომ გერლიანის თქმით, მას შემდეგ, რაც უცნობ პირს ჰკითხა, თუ ვინ იყო ის და რას აკეთებდა ბინაში, უცნობი პირი გაეცნო, როგორც პოლიციელი, უთხრა, რომ „პრევენციის მიზნით იმყოფებოდა მის სახლში, ვინაიდან აწარმოებდა გამოკითხვას“.
„ასევე, რამაზ გერლიანმა განგვიცხადა, რომ როდესაც მან დაუსვა კითხვები გარეთ გამოსულს, იმ პიროვნებამ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა“, – წერს პოლიციელი ოქმში.
ამავე ოქმის თანახმად, რეაგირებისთვის მისულმა პოლიციელმა გამოკითხა გერლიანის ყოფილი მეუღლე, რომელმაც თქვა, რომ „ზემოთ აღნიშნული პიროვნება იყო მისი ნაცნობი და უკანონოდ, მისი ნების გარეშე არ შესულა სახლში“.
„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გერლიანის საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
განახლება: შსს-ში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს [მსგავს შემთხვევები გამოძიება შესაძლოა ამ მუხლითაც დაიწყოს ხოლმე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი გაუჩინარების გარემოებები გარკვეულია].