ახალი ამბები

გერლიანს კვლავ ეძებენ – შსს-მ გამოძიება დაიწყო

20 დეკემბერი, 2021 •
გერლიანს კვლავ ეძებენ – შსს-მ გამოძიება დაიწყო

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, რამაზ გერლიანს ოჯახის წევრები კვლავ ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამაზ გერლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ოჯახის ცნობით, ეძებენ რამაზ გერლიანს, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს 2017-19 წლებში.

მისმა ძმამ, რომანოზ გერლიანმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ ოჯახი მას კვირიდან, 19 დეკემბრიდან მოყოლებული ეძებს.

ძმის ცნობით, რამაზ გერლიანი მის კუთვნილ არცერთ სახლში – არც ავჭალაში და არც სამგორში – არ იმყოფება და არც ახლობლებს აქვთ ინფორმაცია მისი სამყოფელის შესახებ.

მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა ოჯახის ახლობელმა, სალომე შავიანიძემ. შავიანიძის ცნობით, გერლიანის მანქანა ავჭალის პოლიციის განყოფილებასთან იპოვეს. მისი თქმითვე, მანქანა ღია იყო და მასში გერლიანის მანქანის გასაღები და საბუთები იყო დატოვებული.

რომანოზ გერლიანის ცნობით, პოლიციას მისი ძმის გაუჩინარების შესახებ კვირა საღამოს აცნობეს. ამჟამად ისინი ელოდებიან რაიმე ცნობას ნებისმიერი პირისგან გერლიანის ადგილმდებარეობის შესახებ.

ძმის თქმითვე, ნერვიულობის საფუძველს ოჯახს აძლევს რამაზ გერლიანის მიერ კვირა დილას ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც პოლიციის თანამშრომლის მიერ ზეწოლაზე და მის საკუთრებაში „უკანონოდ შეჭრაზე“ საუბრობს.

გერლიანის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებული მასალების თანახმად, მან 14 ნოემბერს მიმართა შსს-ს.

შსს-ში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს [მსგავს შემთხვევები გამოძიება შესაძლოა ამ მუხლითაც დაიწყოს ხოლმე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი გაუჩინარების გარემოებები გარკვეულია].

მასალების გადაბეჭდვის წესი