ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში ოპოზიციამ პარლამენტთან კორდონის გარღვევა სცადა

21 დეკემბერი, 2021 • 1616
სოხუმში ოპოზიციამ პარლამენტთან კორდონის გარღვევა სცადა

დღეს, 21 დეკემბერს დე ფაქტო ხელისუფლებით უკმაყოფილო გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქციის შემდეგ პარლამენტთან მობილიზებული კორდონის გარღვევა და შენობაში შესვლა სცადა. ოპოზიციის აქცია გრძელდება.

“ოპოზიციის წარმომადგენლებისა და პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვედრაზე ოპოზიციამ მოუწოდა ბჟანიას, გამოსულიყო შეკრებილ მოქალაქეებთან სიტყვით, რაზეც მან უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ვერ დაარღვევდა მის მიერვე გაცემულ განკარგულებას დღევანდელი აქციის არასანქცირებაზე. თუმცა მზად იყო, ოპოზიციასთან დიალოგი რამდენიმე დღეში დაეწყო”, – განაცხადა ბჟანიას მრჩეველმა ნუგზარ ლოგუამ.

აფხაზური მედიის ცნობითვე, მოსმენილით უკმაყოფილო საზოგადოებამ გადაწყვიტა, პარლამენტთან გადანაცვლებულიყო.

მიტინგამდე ერთი დღით ადრე, 20 დეკემბერს, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა არასანქცირებულ მიტინგსა და უკანონო და ანტისაკონსტიტუციო მოქმედებებში. ოპოზიციას კი ნებისმიერ საკითხზე დიალოგისკენ მოუწოდა.

“ჩვენ ვაღიარებთ, რომ არსებობს პრობლემები, გადაუჭრელი საკითხები, მაგრამ სახელმწიფოში მყიფე სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნის საფუძველი არ არის. ნებისმიერი კანონდარღვევა იქნება გამოვლენილი და აღკვეთილი”, – განაცხადა ბჟანიამ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, დღეს მთელი დღის განმავლობაში სოხუმში ოპოზიციის აქციის პარალელურდ სამთავრობო შენობების დაცვა გააძლიერეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი