ახალი ამბები

ქრთამის აღების ფაქტზე კახეთში ერთი პირი დააკავეს

21 დეკემბერი, 2021 • 1302
ქრთამის აღების ფაქტზე კახეთში ერთი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, “სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის” კაჭრეთის სერვისცენტრის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

სუს-ის ცნობით, დაკავებულმა პირმა კომპანიის კუთვნილი ტექნიკით 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოხვნის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოქალაქეს 8 465 ლარი გამოართვა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და ბრალდებულის მხრიდან სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პირადი მიზნებისთვის გამოყენებას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა:

“გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებისა და ბრძანებით ოფიციალურად განსაზღვრული თანხის კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გვერდის ავლით, შპს “სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ კუთვნილი ტექნიკით 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოხვნის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 8465 ლარი გამოართვა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ხსენებული ფაქტი არ ატარებდა ერთჯერად ხასიათს და ბრალდებულის მხრიდან სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პირადი მიზნებისთვის გამოყენება სისტემატურად ხორციელდებოდა, რის შედეგადაც ტექნიკა განიცდიდა ცვეთას, კომპანია ვერ იღებდა შესაბამის ანაზღაურებას და ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი მისამართების ჩხრეკის შედეგად 11 500 აშშ დოლარი და 52 245 ლარი ამოიღეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი