ახალი ამბები

ამჟამად ქვეყანაში 2.5 მილიონი დოზა ვაქცინაა – გამყრელიძე

20 დეკემბერი, 2021 • 1073
ამჟამად ქვეყანაში 2.5 მილიონი დოზა ვაქცინაა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში 2.5 მილიონი დოზა ვაქცინის მარაგია.

როგორც ამირან გამყრელიძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, არსებული მარაგი საკმარისია ომიკრონის ქვეყანაში გავრცელების პირობებში ბუსტერ დოზების ადმინისტრირებისთვის. აღნიშნული კითხვით გამყრელიძეს „ნეტგაზეთმა“ მას შემდეგ მიმართა, რაც ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის 2 შემთხვევა დადასტურდა. წინასწარი კვლევებით კი ვირუსის ამ ვარიანტის წინააღმდეგ ვაქცინების ორი დოზა საკმარისი აღარაა და ბუსტერია საჭირო.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, აღნიშნული 2.5 მილიონი დოზა ვაქცინიდან, რომელიც საქართველოშია ხელმისაწვდომი, დაახლოებით 700 000 „ფაიზერის“ წარმოების პრეპარატია, დანარჩენი კი, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“. რაც შეეხება აღნიშნული ვაქცინების ვადებს, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ „ფაიზერს“ ვადა 2022 წლის მარტის ბოლომდე აქვს, ე.წ. ინაქტივირებულ ჩინური წარმოების ვაქცინებს კი, 2023 წლის ივნისამდე:

„ამჟამად ქვეყანაში ორ მილიონ-ნახევარი დოზა ვაქცინის მარაგია ამ ეტაპზე. მათ შორის დაახლოებით 700 ათასი გახლავთ ფაიზერი და დანარჩენი, სინოფარმი და სინოვაკი. ამ ეტაპზე საკმარისია და 2022 წლის მარაგზე უკვე შეკვეთები გაკეთებულია. ფაიზერის ვადა არის 31 მარტამდე და დანარჩენი, 2023 წლის ივნისამდე, თუ არ ვცდები“, – ამბობს ამირან გამყრელიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, თუ რამდენი დოზა ვაქცინა დასჭირდება ქვეყანას 2022 წელს. მისი თქმით, მოლაპარაკებები კომპანიებთან დამატებითი დოზების მოწოდებაზე უკვე მიმდინარეობს და განსაკუთრებული აქცენტი „ფაიზერისა“ და „ნოვავაქსის“ წარმოებულ ვაქცინებზე კეთდება:

„ახალ გეგმაზე ვმუშაობთ ვაქცინაციის 2022 წლის და გათვლები კეთდება, რამდენი დოზა დასჭირდება ქვეყანას და მსჯელობა მიდის, რომელი ვაქცინები იქნება. მოლაპარაკებებიც მიდის კომპანიებთან. მე ვერ დაგისახელებთ, რამდენ მილიონ დოზაზე, მაგრამ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მათ შორის „ფაიზერთან“ და სხვა კომპანიებთან 2022 წელს მოსაწოდებელ ვაქცინებთან დაკავშირებით. „მოდერნაზე“ იყო შემოთავაზება, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით აქცენტი ავიღეთ „ფაიზერზე“ და „ნოვავაქსზე“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი