ახალი ამბებისაზოგადოება

PHR: შშმ პირთათვის სტომატოლოგიური მომსახურება კვლავ არ ფინანსდება

21 დეკემბერი, 2021 • 1741
PHR: შშმ პირთათვის სტომატოლოგიური მომსახურება კვლავ არ ფინანსდება

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] აცხადებს, რომ სასამართლოს განჩინების მიუხედავად საქართველო კვლავ ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთათვის სათანადო სტომატოლოგიურ მომსახურებას.

საუბარია იმ შშმ პირებზე, რომლებსაც სტომატოლოგიური მომსახურებისთვის ესაჭიროებათ ზოგადი ანესთეზია, რაც ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურებაა [ზოგჯერ 1000 ლარიც ღირს] . სწორედ ამ  საკითხზე მიმართა ორგანიზაციამ სასამართლოს 2021 წლის მარტში, რაზეც სასამართლომ განჩინება გამოიტანა.

რა თქვა სასამართლომ და როგორ უნდა მოქცეულიყო ჯანდაცვის სამინისტრო?

9 მარტს ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელზე  სასამართლომ განჩინება მიიღო.

,,დაევალოს საქართველოს მთავრობას შექმნას ისეთ მექანიზმი, რომელიც გამონაკლისის გარეშე, დაუყოვნებლივ, 30-დღიანი მოცდის ვადის გარეშე, დააფინანსებს ყველა შემთხვევას, როდესაც არსებობს ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ზოგადი ანესთეზიის ე.წ. ნარკოზით სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის საჭიროება“, – წერია განჩინებაში. 

„ დაახლოებით  9 თვე  გავიდა და საქართველოს მთავრობას ეს გადაწყვეტილება არ აღუსრულებია. საქართველოს მთავრობა არის ძირითადი მოპასუხე, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო ჩაერთო მესამე პირად, იმიტომ, რომ მექანიზმი მათ უნდა შეიმუშაონ“, – განმარტავს ნეტგაზეთთან ინტერვიუში PHR-ის იურისტი ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, ორგანიზაციასა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის კომუნიკაცია 29 ივნისს შედგა. მაშინ უწყებამ PHR-ს უთხრა, რომ სტომატოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლებს კითხვარები დაუგზავნა. კითხვარებით სამინისტროს ინფორმაცია უნდა მიეღო  შშმ პირთათვის ანესთეზიით უზრუნველყოფაზე, ფასებზე,  რამდენი ასეთი შემთხვევა ჰქონიათ ბოლო პერიოდში, რა არის საერთაშორისო გამოცდილება და სხვა.

„ამის შემდეგ მათ წერილობითი კომუნიკაცია ჩვენთან არ ჰქონიათ, ოღონდ სასამართლო პროცესი როდესაც გაიმართა, იქ თქვეს, რომ დეკემბერში გეგმავენ პროგრამის შემუშავებას – მაგრამ გავიდა დეკემბერი, პროგრამა ჯერ ისევ არ არის და ჩვენთვის ორი დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ისევ ფულს აგროვებენ მშობლები ბავშვებისთვის ნარკოზის დასაფინანსებლად, იმიტომ, რომ ღამეები არ სძინავთ“, – დასძენს არგანაშვილი და განმარტავს, რომ სამინისტროს დეკემერშიც რომ შეემუშავებინა ეს პროგრამა, მაინც დაგვიანებული იქნებოდა  დროებითი განჩინების ბუნებიდან გამომდინარე.

სქრინი ერთ-ერთი საქველმოქმედო ფეისბუკ გვერდიდან

როგორც არგანაშვილი გვიხსნის, ის, რომ ჯერჯერობით ჯანდაცვის სამინისტროს ამგვარი პროგრამა არ შეუმუშავებია,  ორ მნიშვნელოვან პრობლემაზე მიუთითებს: პირველი- იმაზე, რომ მოქალაქეები რეალურ დროში განიცდიან ტანჯვას, ასევე, იმაზეც, რომ ოფიციალური უწყება არ ასრულებს სასამართლოს განჩინებას. შესაბამისად, ზიანდება კანონის უზენაესობაც.

„როგორც აღვნიშნე, დროებითი განჩინება ნიშნავს იმას, რომ თუ რაღაც პრობლემა არ გადაწყდა სასწრაფოდ, შემდეგ ძირითადი სარჩელი კარგავს თავის აზრს. ძირითადი სარჩელი კი ძალაში რჩება, რადგან მთელი ეს წლები რომ მოუწესრიგებელი იყო სისტემა და განიცდიდნენ ადამიანები ტკივილს – ეს უნდა შეფასდეს.

როდესაც დისკრიმინაციული მოპყრობა წლების განმავლობაში გრძელდება სახელმწიფოს მხრიდან, საკმარისი არ არის, რომ ეს ერთ დღეს შეწყდეს. წარსულ გამოცდილებას ესაჭიროება შეფასება, იმიტომ, რომ სახელმწიფომ სხვა შემთხვევებში თვითონ აღმოაჩინოს დისკრიმინაცია და არ დაელოდოს ყველაფერზე სასამართლოს ჩარევას. სწორედ ამიტომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ძირითად სარჩელს, რომლითაც ჩვენ მოვითხოვთ, რომ შეფასდეს აქამდე არსებული პრაქტიკა – როგორც დისკრიმინაცია.

ეს პროცესი აუცილებლად მივიდეს ბოლომდე, ეს იქნება იმის პრევენცია, რომ მომავალში აღარ დაელოდებიან სახელმწიფო უწყებები არასამთავრობოების სარჩელებს და როდესაც დაინახავენ თავად, რომ დისკრიმინაცია ხდება, თავადვე აღმოფხვრან“.

PHR-ის ინფორმაციით, შემდეგი სასამართლო სხდომა, სავარაუდოდ, მომავალ წელს უნდა გაიმართოს.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტეოს პასუხს, უწყებაში ამბობენ, რომ ეს საკითხი მომდევნო წლის პროგრამებში გათვალისწინებული იქნება და დაფინანსდება. ასევე, მათივე ინფორმაციით, შშმ პირებს აღარ დასჭირდებათ სერვისის მიღებისთვის ლოდინი.

ამ ეტაპისთვის სხვა დეტალები უცნობია, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ დადგენილების შედგენის შემდეგ დეტალებს გაასაჯაროვებენ.


„წარმოიდგინეთ, გტკივათ კბილი, თქვენ კი ორი-სამი კვირა უნდა ელოდოთ პასუხს, დააფინანსებენ თუ არა მკურნალობას. როგორ უნდა დაელოდოს ამდენ ხანს ადამიანი მხოლოდ პასუხს, როცა მას სტკივა?“

საქართველოში, სხვა გამოწვევებთან ერთად, შშმ პირებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული არარსებული სტომატოლოგიური მომსახურებაა.

ამ თემაზე წაიკითხეთ ვრცლად:

შშმ პირების მტანჯველი ტკივილი და სარჩელი, რომელმაც ეს უნდა შეცვალოს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი