ვაზისუბანში, მრავალსართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
საცხოვრებელი კორპუსის პირველი და მეორე სართულების გარდა, გაზიანებულია მანქანები, რომლებიც ეზოში იდგა.
როგორც „ნეტგაზეთს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
ისნის რაიონის გამგებლის ნიკა ელისაშვილის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. სხეულის შედარებით მძიმე დაზიანება და დამწვრობა აქვს მიღებული მამაკაცს, რომელიც ცხოვრობდა ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა. 4 ადამიანი კი ინტოქსიკაციით არის საავადმყოფოში გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შენიშვნა: ინფორმაცია განახლდა ისნის რაიონის გამგებლის განცხადებით.







