ახალი ამბები

საოკუპაციო ძალების მიერ 14 აგვისტოს დაკავებული გელა გოჭოშვილი თავისუფალია

19 დეკემბერი, 2021 • 1152
საოკუპაციო ძალების მიერ 14 აგვისტოს დაკავებული გელა გოჭოშვილი თავისუფალია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გელა გოჭოშვილი თავისუფალია.

როგორც სუს-ის განცხადებაში არის ნათქვამი, უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დიაკუსიების შეხვედრებზე და სისტემატურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი „ცხელი ხაზი”.

“რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავება არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას”, — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გელა გოჭოშვილის 2021 წლის 14 აგვისტოს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ხელთ არსებული ინფორმაციით, გოჭოშვილის ოჯახი კასპის რაიონში ცხოვრობს და ახალგორშიც ჰყავს ოჯახის წევრები. თბილისისთვის მისი დაკავება გვიან, სექტემბრის ბოლოს გახდა ცნობილი. ცხინვალის დაკავების იზოლატორში, დღეის მდგომარეობით, თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან გატაცებული ექვსი პირი რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი