ახალი ამბები

დღეის მდგომარეობით 7 გატაცებული ჯერ კიდევ ცხინვალის იზოლატორშია – DRI

17 დეკემბერი, 2021 • 1389
დღეის მდგომარეობით 7 გატაცებული ჯერ კიდევ ცხინვალის იზოლატორშია – DRI

ცხინვალის დაკავების იზოლატორში, დღეის მდგომარეობით, თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან გატაცებული შვიდი პირი იმყოფება – წერს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ [DRI] ოფიციალურ განცხადებაში.

ორგანიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ღია წყაროებში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ 2021 წლის აგვისტოდან დღემდე – დე ფაქტო საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს ათი ადამიანი, აქედან სამი გათავისუფლდა.

ამასთანავე, დე ფაქტო რეჟიმის კგბ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში დააკავეს 35 პირი, დაკავებულებს შორის 31 ე.წ. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დამრღვევია და ოთხი დე ფაქტო სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევი. შედეგად, 24 პირი დაჯარიმდა, შვიდი ჯარიმის გარეშე გათავისუფლდა, ერთ პირზე კი ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა.

„ცხინვალში ე.წ. მესაზღვრეების მხრიდან აქტიური ბორდერიზაციის პროცესის პარალელურად, გახშირდა „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს მკაფიო საჯარო პოზიცია. ფაქტები ცხადყოფს, ხელისუფლება ვერ ახერხებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ჯეროვან დაცვას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას“.

DRI აღნიშნავს, რომ საოკუპაციო ძალებმა 5 ოქტომბერს სამი და 10 დეკემბერს ორი ადამიანი დააკავეს. აღნიშნული ხუთი პირის ვინაობა არ გასაჯაროებულა, უცნობია მათი ამჟამინდელი
მდგომარეობა. 12 დეკემბერს საოკუპაციო ძალებმა სოფელი ნიქოზიდან ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე გაიტაცეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, იგი ნაცემია. საგულისხმოა, რომ 1 დეკემბერს დაკავებულმა მამუკა ჯანელიძემ, რომელიც 4 დეკემბერს გაათავისუფლეს, ე.წ. მესაზღვრეების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე მიუთითა.

ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ 2021 წლის 14 აგვისტოდან უკანონო პატიმრობაში იმყოფება გელა გოჭოშვილი, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია საზღვრის კვეთის ბრალდებით.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელთ არსებული ინფორმაციით, გოჭოშვილის
ოჯახი კასპის რაიონში ცხოვრობს და ახალგორშიც ჰყავს ოჯახის წევრები. თბილისისთვის მისი დაკავება გვიან, სექტემბრის ბოლოს გახდა ცნობილი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გოჭოშვილს, საზღვრის კვეთის გარდა, სხვა სისხლის სამართლის დანაშაულსაც ედავებიან. ინფორმაცია მისი უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამ დრომდე უცნობია.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაკავებების რაოდენობაზე, საფუძველზე და მათ მდგომარეობაზე ინფორმაციის ნაკლებობა და პასიურობა საერთაშორისო დონეზე, შეიცავს რისკებს, რომ თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან ერთად, სავარაუდოდ, დაკავებული ადამიანების ფუნდამენტური უფლებები ირღვევა და მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია“, – წერს ორგანიზაცია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:

  • საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაატაროს ზომები ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის დასაზუსტებლად და საზოგადოებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მისაწოდებლად;
  • საერთაშორისო საზოგადოებას და საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გელა გოჭოშვილის, მამუკა ჩხიკვაძის და ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად. აუცილებელია, ცხინვალში საოკუპაციო ძალების მხრიდან სიტუაციის გაუარესების ტენდენციაზე ხაზგასმა და საერთაშორისო საზოგადოებასთან პროაქტიული მუშაობა, ზემოაღნიშნული საკითხების სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი