ახალი ამბები

ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

18 დეკემბერი, 2021 • 1027
ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 18 დეკემბერს მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარადგინა.

„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ჩვენი ქვეყნის პრემიერ მინისტრი და იმ დიდ პოლიტიკურ გუნდთან ერთად გავუძღვე მთავრობას, რომელიც იცავს პირველ რიგში ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესებს, ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს და რომლისთვისაც ადამიანი უმთავრესი ღირებულებაა“, – თქვა ღარიბაშვილმა შესავალ სიტყვაში.

მან ძირითად გამოწვევებს შორის დაასახელა: „ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – ქვეყნის გაერთიანება, უმუშევრობა და სიღარიბე, დესტრუქციული ძალების მიერ შექმნილი პოლარიზაცია და უამრავი სხვა პრობლემა“.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ჩაბარება კრიზისულ მომენტში მოუწია, „როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ხელოვნურად იყო აწეული და დესტრუქციული ძალები სახელმწიფოზე შეტევას ცდილობდნენ“.

„ჩემი პრემიერობის პირობებში, არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე მაღლა და არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე დაბლა, მაგრამ როცა საქმე ეხება კანონისა და კონსტიტუციის დაცვას ჩვენ ნებართვას არავის შევეკითხებით, კანონი ყოველთვის აღსრულდება“, – განაცხადა მან.

მან ისაუბრა საარჩევნო პერიოდზეც და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდმა „გამორჩეულად საქმიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანია ჩაატარა“.

ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა 2022 წლის ბიუჯეტზე და განაცხადა, რომ 2022 წელს მთავრობას დაგეგმილი აქვს „მინუმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა“, ხოლო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 65 მილიარდი ლარი იქნება.

მან ასევე შეაჯამა წლის განმავლობაში გაცემული არაერთი დაპირება, მაგალითად:

  • მომავალ წელს საჯარო სექტორში ხელფასების 10%-ით მატება,
  • იანვრიდან 70 წლამდე პენსიონერთა პენსია 260 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის 312 ლარი იქნება.
  • ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური დახმარება 22 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება.

მან ასევე ისაუბრა ბოლოდროინდელ დაპირებებზე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, – რაც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო 17 დეკემბერს, – და თქვა, რომ „ეს ინიციატივა არა სექტორის შეფერხებას, არამედ ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ნიშნავს“.

ამასთან, პრემიერმა განაცხადა, რომ „ლენდ კაზინოებთან“, – ანუ ფიზიკურ სივრცეში არსებულ სათამაშო ბიზნესთან (და არა ონლაინ-კაზინოებთან), მთავრობას განსხვავებული მიდგომა აქვს:

„ბიზნესს ექნება ხელშეწყობა და სტიმულირება, რათა ეკონომიკური აქტივობა და ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს“.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში ჩამოტანილია 5 მილიონამდე ვაქცინა და „დღეისთვის 2 მილიონზე მეტი აცრა გაკეთდა და  მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, თუმცა ეს არ არის საკმარისი“.

პრემიერ-მინისტმა განაცხადა, რომ მისი დავალებით მოხდება „ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის მკაცრად გაკონტროლება“  და ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირება, რათა მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე არსებული მიდგომა შეიცვალოს.

პრემიერის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტული, ხელშესახები შედეგებითდასრულდა. მისი თქმითვე, „ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომლის პირობებში „საქართველო ისე ახლოს არის ევროპასთან, ამერიკასთან, როგორც არასდროს“.

მან ასევე გაიხსენა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში მედიაცია და განაცხადა: „ჩემს მიერ წარმოებული წარმატებული მედიაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს შორის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება შედგა“, რაც მან შეაფასა, როგორც „დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობისა და რეგიონის გეოპოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის ნათელი მაგალითი“.

გირჩევთ წაიკითხოთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი