ახალი ამბები

ომიკრონის წინააღმდეგ დამაკმაყოფილებელი შედეგი ვერც სინოფარმის ორმა დოზამ აჩვენა – კვლევა

17 დეკემბერი, 2021 • 9706
ომიკრონის წინააღმდეგ დამაკმაყოფილებელი შედეგი ვერც სინოფარმის ორმა დოზამ აჩვენა – კვლევა

სინოფარმის, ჯონსონ&ჯონსონის და სპუტნიკის ვაქცინები კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის წინააღმდეგ მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ გამოიმუშავებენ ანტისხეულებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს  კვლევაზე დაყრდნობით, რომლის ავტორებიც ვაშინგტონის უნივერისიტეტის და შვეიცარიული კომპანია ჰუმაბს ბიომედის წარმომადგენლები არიან.

გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე აღნიშნული კვლევა გამოქვეყნებულია, თუმცა არ აქვს გავლილი ე.წ. სამეცნიერი რევიზია.

გამოცემის ცნობით, ვაშინგტონის უნივერსიტეტის და Humabs Biomed SA-ის მკვლევრებმა ომიკრონის წინააღმდეგ 6 ვაქცინის ეფექტურობა შეისწავლეს. შედეგებმა აჩვენა, რომ სინოფარმით ორჯერ ვაქცინირებული 13 ადამიანიდან, ახალი შტამის მიმართ მხოლოდ 3-ის შემთხვევაში გამოვლინდა მანეიტრალებელი ანტისხეულები. ჯონსონ&ჯონსონის შემთხვევაში 12-დან მხოლოდ 1 ადამიანთან დაფიქსირდა იგივე შედეგი, სპუტნიკით ვაქცინირებული 11 ადამიანიდან კი ომიკრონის წინააღმდეგ ანტისხეულები ვერც ერთმა გამოიმუშავა.

კვლევის თანახმად, ომიკრონის წინააღმდეგ ყველაზე კარგი შედეგი იმ ადამიანებს ჰქონდათ, ვინც კორონავირუსიც გადაიტანა და ფაიზერის ორი დოზითაც იყო აცრილი. ასეთ ადამიანებს ომიკრონის წინააღმდეგ 5-ჯერ შეუმცირდათ ანტისხეულების რაოდენობა, მხოლოდ ფაიზერის ვაქცინით ორჯერ აცრილებს კი –  44-ჯერ.

კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერისა და მოდერნას წარმოების ვაქცინების ორ დოზას ადამიანებში ნაკლები ანტისხეულების გამომუშავება შეუძლია. იგივე შედეგია ასტრაზენეკას და ოქსფორდის წარმოების ვაქცინების შემთხვევაშიც.

ამასთან, Bloomberg-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებულმა სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ომიკრონის წინააღმდეგ საკმარისი ანტისხეულები ვერ გამოიმუშავა სინოვაკის ორმა დოზამაც. ამ შემთხვევაშიც, დიდი ალბათობით, დაცვის გასაძლიერებლად საჭიროა ბუსტერის გაკეთება.

Bloomberg-ის ცნობით, ასეთი შედეგებიდან გამომდიანრე მეცნიერები და ჯანდაცვის ექსპერტები განიხილავენ გზებს, თუ როგორ შეიძლება კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ადამიანებში დაცვის გაძლიერება. მათ შორის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება მეორე აცრის შემდეგ ბუსტერით აცრის ვადის 3 თვემდე შემცირება, სხვადასხვა ვაქცინების შერევა და უშუალოდ ომიკრონის წინააღმდეგ ვაქცინის ახალი ტიპის შექმნა.

ანტისხეულებზე დაკვირვება იმუნური პასუხის მხოლოდ ერთი მხარეა,  თუმცა მიმდინარეობს სხვა კვლევებიც, რომელიც სწავლობს, როგორ იმოქმედებენ ომიკრონის წინააღმდეგ იმუნური სისტემის სხვა აქტორები, კერძოდ, მაგალითად, T უჯრედები – რომელთაც ადამიანების დაცვა შეუძლიათ დაავადების გართულებისა და სიკვდილისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი