ახალი ამბები

ამჟამად მსოფლიო ჯანდაცვისთვის უდიდესი რისკი ომიკრონია – G7

17 დეკემბერი, 2021 •
ამჟამად მსოფლიო ჯანდაცვისთვის უდიდესი რისკი ომიკრონია – G7

დიდი შვიდიანის (G7) თანახმად, რომელიც მსოფლიოს მოწინავე შვიდ სახელმწიფოს აერთიანებს, ამჟამად მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ყველაზე დიდი რისკია კორონავირუსის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც ომიკრონის სახელითაა ცნობილი.

ინფორმაციას ფრანგული France24 ავრცელებს.

„ღრმად შეშფოთებულნი ვართ შემთხვევათა რიცხვის მატებით. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება აღქმული უნდა იყოს, როგორც უდიდესი რისკი მსოფლიო ჯანდაცვისთვის“, — განაცხადა გაერთიანებულმა სამეფომ, რომელიც ამჟამად დიდი შვიდიანის თავმჯდომარე სახელმწიფოა.

დიდ შვიდიანში შემავალი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრები ერთმანეთს კორონავირუსის შემთხვევების ზრდისა და შექმნილი ვითარების განსახილველად შეხვდნენ.

სხვა აუცილებელ ღონისძიებებთან ერთად, მათ ისაუბრეს ბუსტერ დოზების მიღების მნიშვნელობაზეც.

პარალელურად, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიმართა მოსახლეობას, რომ კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტი სწრაფად შეიძლება გავრცელდეს და მათ ვაქცინაციისა და/ან ბუსტერ დოზების მიღებისკენ მოუწოდა.

ომიკრონი პირველად სამხრეთაფრიკულ სახელმწიფოებში დააფიქსირეს, თუმცა მოგვიანებით ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც გავრცელდა.

ეპიდემიოლოგების თანახმად, ომიკრონი გაცილებით უფრო გადამდებია, ვიდრე მისი წინამორბედი ვარიანტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი