ახალი ამბები

ჩემი გამოკითხვაზე დაბარება პოლიტიკური პიარია – თემურ ალასანია

17 დეკემბერი, 2021 •
ჩემი გამოკითხვაზე დაბარება პოლიტიკური პიარია – თემურ ალასანია

მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას თქმით, პროკურატურის მიერ მისი გამოკითხვაზე დაბარება პოლიტიკური პიარია.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე ალასანია უნდა გამოკითხონ. შესვლამდე მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ არ იცის, რატომ დაიბარეს. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ კი „გადავწყვეტთ, რა პოზიცია დავიჭიროთ“.

ალასანია გამოკითხვაზე დაბარებულია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, 2018 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

მაშინ მედიასაშუალებებში გავრცელდა, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისინი საზოგადოების რადიკალიზაციის საჭიროებაზე საუბრობენ. ჩანაწერში, სავარაუდოდ, თემურ ალასანია ამბობს, რომ “ერთ მილიონს გადაუხდის, ვინც „სნაიპერის ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას“, რაზეც მიხეილ სააკაშვილი პასუხობს: „ახლა ჟურნალისტებს მიხედე ჯობია და გვარამიას“.

აღნიშნულ აუდიოჩანაწერზე საუბრისას მან თქვა, რომ არცერთი მათგანი ავთენტური არ არის, არ ენდობა ამჟამინდელ ექსპერტიზას და, შესაბამისად, შინაარსობრივად ამაზე განცხადებას არ გააკეთებს.

„მე არ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, მე არ შემიტანია არავითარი განცხადება ან მოთხოვნა გამოძიებაზე, თუ დაირღვა ჩემი უფლებები – მე უნდა მოვითხოვო მათი დაცვა, და მოვითხოვ იქ, სადაც მე ვცხოვრობ – ამერიკაში. თუ ჩავთვლი საჭიროდ, მაგრამ მე არ ვთვლი საჭიროდ.

ეს არის პოლიტიკური პიარი, ეს არის მცდელობა საკმაოდ უხეში, ყურადღება გადაიტანონ ძირითადი კრიზისული სიტუაციიდან, რაც გამოწვეულია სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით და რაც გამოწვეულია, რასაკვირველია, მესამე პრეზიდენტის უკანონო პოლიტიკური დევნით. ცდილობენ გადაიტანონ ყურადღება“, – ამბობს ის.

თემურ ალასანია შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

მასალების გადაბეჭდვის წესი