საზოგადოებასამართალი

თემურ ალასანია შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

16 დეკემბერი, 2021 • 1898
თემურ ალასანია შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია, რომელიც საქართველოში 15 დეკემბერს ჩამოვიდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ალასანიამ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა, შესაბამისად, იგი მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება.

თემურ ალასანიას გამოკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი.

“გავიგე, ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს. ჩემი რჩევა ივანიშვილს – თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბარემ ბოლომდე მიბაძე და დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, მიაყოლე ავთო წერეთელიც და მისი ადვოკატიც კახა წერეთელიც, ჩემი ნათესავებია. ყველა საქართველოში მყოფი ჰოლანდიელი, ნუ ერთი ამერიკელიც (ბიძაჩემი ხომ ამერიკის მოქალაქეა), რათა ახალი წლის სუფრაზე განსაკუთრებულად დაცულად და ბედნიერად იგრძნო თავი შენს ხიხოსტანში”, – აცხადებს სააკაშვვილი.

ალასანია გამოკითხვაზე დაბარებულია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, 2018 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში. მაშინ მედიასაშუალებებში გავრცელდა, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისინი საზოგადოების რადიკალიზაციის საჭიროებაზე საუბრობენ. ჩანაწერში, სავარაუდოდ, თემურ ალასანია ამბობს, რომ “ერთ მილიონს გადაუხდის, ვინც „სნაიპერის ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას“, რაზეც მიხეილ სააკაშვილი პასუხობს: „ახლა ჟურნალისტებს მიხედე ჯობია და გვარამიას“.

თემურ ალასანიას ადვოკატი ბექა ბასიალაია აცხადებს, რომ საქმეში ალასანიას ბრალეულობა არ იკვეთება, მას არც ბრალი აქვს წარდგენილი და მისი გამოკითხვაზე დაბარება პოლიტიკური პიარისთვის განკუთვნილი ნაბიჯია.

მასალების გადაბეჭდვის წესი