ახალი ამბები

Sex and the City-ის მსახიობ კრის ნოტს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

17 დეკემბერი, 2021 • 1644
Sex and the City-ის მსახიობ კრის ნოტს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

Sex and the City-ს მსახიობ კრის ნოტს ორი ქალი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც The Guardian წერს, ქალები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად Hollywood Reporter-ს დაუკავშირდნენ და საკუთარი ისტორიები უამბეს. გამოცემა წერს, რომ ორივე მათგანის ამბავი მსგავსია და ისინი 67 წლის მსახიობს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ისტორიებს შორის შუალედი 10 წელზე მეტია.

თავად კრის ნოტი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, „არა ნიშნავს არას“ და ეს ის ხაზია, რომელიც არასდროს გადაუკვეთია:

„ეს ისტორიები შესაძლოა, 30 წლის წინანდელი იყოს, ან 30 დღის. არა ნიშნავს არას, ეს ის ხაზია, რომელიც არ გადამიკვეთია. რთულია, კითხვები არ გაგიჩნდეს, რატომ ახლა? ზუსტად არ ვიცი, ეს ამბები ახლა რატომ გამოჩნდა, მაგრამ ვიცი, რომ ამ ქალებზე არ მიძალადია”, — ამბობს კრის ნოტი Hollywood Reporter-თან.

გამოცემამ ქალების ისტორიები ფსევდონიმებით, ზოი და ლილი დაბეჭდა. ორივე მათგანი აცხადებს, რომ როცა ნოტს შეხვდნენ, მასზე ბევრად ახალგაზრდები იყვნენ. ზოი, რომელიც ამ დრომდე გასართობ ინდუსტრიაში მუშაობს, აცხადებს, რომ ნოტს 2004 წელს შეხვდა, როცა თავად 22 წლის იყო, ნოტი კი- 49-ის. ქალის თქმით, სამსახურში რამდენიმეჯერ შეხვედრის შემდეგ მსახიობმა ის კომპლექსში დაპატიჟა, სადაც ბინა ჰქონდა.

ზოის თქმით, ნოტმა სახლში შეიტყუა შეთავაზებით, რომ წიგნები განეხილათ, რის შემდეგაც აკოცა და სარკის წინ გააუპატიურა. ქალის თქმით, ყვიროდა და მსახიობს სთხოვდა გაჩერებულიყო, რაც ნოტმა არ გააკეთა. ზოის თქმით, ძალადობის შემდეგ საავადმყოფოშიც იყო, სადაც ნაკერები დაადეს, თუმცა პოლიციისთვის ნოტის სახელის თქმაზე უარი განაცხადა, რადგან ფიქრობდა, არავინ დაუჯერებდა, სამსახურში კი პრობლემები შეექმნებოდა.

კიდევ ერთი ქალი, რომელიც მსახიობს ძალადობაში ადანაშაულებს, 31 წლისაა. ქალი, პირობითად ლილი აცხადებს, რომ ნოტს 2015 წელს შეხვდა, როცა თავად 25-ის იყო, ნოტი კი, 60-ის. ლილი ამბობს, რომ მსახიობს ნიუ-იორკის ღამის კლუბის VIP განყოფილებაში შეხვდა, სადაც თავად მუშაობდა. ლილის თქმით,  ნოტმა ვახშამი შესთავაზა იმ მოტივით, რომ მის კარიერულ მომავალზე ესაუბრათ. ქალი აცხადებს, რომ შეთავაზება მიიღო და ნოტს სახლში გაჰყვა, სადაც მისი თქმით, მსახიობმა ორალური სექსი აიძულა. ზოის მსგავსად ლილიც აცხადებს, რომ მსახიობმა მასზე სარკის წინ იძალადა.

ლილიმ გამოცემას მისი და ნოტის მიმოწერაც გადასცა, რომელიც 2015 წლით თარიღდება. ნოტი ლილის ეკითხება, „როგორი დრო გაატარა“, რაზეც ლილი პასუხობს, რომ მის კამპანიაში ყოფნა სასიამოვნო იყო და კარგად ისაუბრეს, თუმცა თავს გამოყენებულად გრძნობს და მოკლეტექსტური შეტყობინებების ფორმატში დეტალებზე საუბარი არ უნდა.

Hollywood Reporter-ის თქმით, ლილიმ და ნოტმა აღნიშნულის შემდეგ კიდევ ისაუბრეს სასმელზე შეხვედრის შესახებ, თუმცა ლილიმ შეხვედრაზე უარი განაცხადა და მას შემდეგ მსახიობი აღარ უნახავს.

ქალები აცხადებენ, რომ Sex and the City-ის სპინ ოფის გამოსვლამ, რასაც მედიის დიდი ყურადღება მოჰყვა, მათში ტრავმული მოგონებები გააღვიძა და ამდენი წლის შემდეგ ისტორიები სააშკარაოზე გამოიტანეს.

2004 წლის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი