ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის ციხეში სალეჰ რუსტამლიმ 41-ე დღეს შიმშილობა შეწყვიტა

16 დეკემბერი, 2021 • 1507
აზერბაიჯანის ციხეში სალეჰ რუსტამლიმ 41-ე დღეს შიმშილობა შეწყვიტა

ოპოზიციონერმა სალეჰ რუსტამლიმ, რომელიც ბაქოს ციხეში 41 დღე შიმშილობდა, ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შემდეგ შიმშილობის აქტი შეწყვიტა. ინფორმაცია გამოცემა meydan.tv-ს დაუდსტურა ექიმმა ადილ გეიბულამ.

ექიმის განმარტებითვე, ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შემდგომი ნაბიჯები უნდა დაიგეგმოს.

აზერბაიჯანში გიადაბეის რაიონის ყოფილი ხელმძღვანელი, ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვანი და ორგანიზებული ოპოზიციური ძალის, “სახალხო ფრონტის” ორ წევრთან ერთად, ორი წლის წინ დააპატიმრეს.

რაიონის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალდებები წაუყენეს რამდენიმე მუხლით [მათ შორის “უკანონო მეწარმეობის”, რაც აზერბაიჯანში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული აქტივისტების მიმართ ხშირად გამოიყენება].

სასამართლომ სალეჰ რუსტამლის 7 წელი და 3 თვე პატიმრობა მიუსაჯა. სწორედ ეს გახდა შიმშილობის გამოცხადების მიზეზი, რადგანაც პატიმარი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ციხიდან გათავისუფლებას მოითხოვს. 13 დეკემბრიდან რუსტამლი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა.


აზერბაიჯანის ხელისუფლება უკანასკნელი წლების განმავლობაში რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, უფლებამდამცველებსა და ჟურნალისტებს სხვადასხვა, მათ შორის, ყველაზე ხშირად, ნარკოტიკების მოხმარების ან გადასახადების დამალვის ბრალდებით აკავებს და ასამართლებს. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია, რასაც ასევე მოწმობს საერთაშორისო ანგარიშები.

მასალების გადაბეჭდვის წესი