„ეს არის სახელმწიფოს გადაწყვეტილება. მიიღეთ ისეთი, როგორიც არის“, — განუცხადა პარლამენტარმა დავით სონღულაშვილმა აზარტული თამაშების ბიზნესის წარმომადგენლებს ამ სფეროში დაგეგმილ რეგულაციებთან დაკავშირებით.
15 დეკემბერს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის განხილვაზე სონღულაშვილმა, რომელიც რეგულირების კანონპროექტთა პაკეტის მომხსენებელია, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლების კრიტიკულ კითხვებზე პასუხად განაცხადა:
„მოუწევს ბიზნესს იმ მოცემულობაზე გადწყობა, რასაც სთავაზობს სახელმწიფო. ეს არის მოცემულობა და უნდა გამოვიდეთ აქედან, იმიტომ, რომ ეს ემსახურება საზოგადოების ინტერესებს“.
მას ასევე განაცხადა, რომ „არაფერს არ მოგვცემს დეტალური მსჯელობა“ და „არავის დაუყენებია კითხვნის ნიშნის ქვეშ [სათამაშო ბიზნესკომპანიების] გამჭვირვალობა“.
სონღულაშვილს ასევე ჰკითხეს, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, რამდენად მოახერხებს სახელმწიფო, უპასუხოს დამატებით გაჩენილ გამოწვევებს, რაზეც პარლამენტარმა თქვა, რომ ამაზე მსჯელობა ამ ეტაპზე „მეორეხარისხოვანია“:
„იმიტომ, რომ თუ შევამჩნიეთ, რომ კანონპორექტი ვერ ემსახურება მის განსაზღვრულ მიზნებს, აუცილებლად მოხდება მისი განვითარება“.
სონღულაშვილის განცხადებით, კანონის ამოქმედების შემდეგ „თუ დარჩება რამე ხვრელები, მერე მივყვებით და იმას ჩავკეტავთ“.
13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს სხვადასხვა მიმართულებით.
კერძოდ, სრულად იკრძალება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში არსებული სათამაშო ბიზნესის რეკლამირება (თუმცა სპონსორობა კვლავ დაშვებული იქნება), 25 წლამდე პირებისთვის თამაში, ხოლო ონლაინ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მექანიზმი იცვლება.
ცვლილებების შედეგად, ჯამში, თამაში, მთავრობის თანახმად, 1 მლნ-მდე ადამიანს აეკრძალება.
ამის მიუხედავად, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლები არ შემცირდება.
საგადასახადო ცვლილებები, თუკი დამტკიცდა, 1 იანვრიდან შედის ძალაში, ხოლო რეკლამის შესახებ რეგულაციები – 2022 წლის მარტიდან.
კანონპროექტთა პაკეტებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
სათამაშო ბიზნესის ასოციაცია, რომელიც სათამაშო ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს აერთიანებს, აცხადებს, რომ თუკი პარლამენტი სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ რეგულაციებს მიიღებს, სათამაშო ბიზნესის სექტორი უარს იტყვის სპორტის სპონსორობაზე.