ახალი ამბები

სააკაშვილს დღემდე არ უტარდება ფსიქოთერაპია – ომბუდსმენის ექსპერთა ჯგუფი დასკვნას აქვეყნებს

14 დეკემბერი, 2021 • 1043
სააკაშვილს დღემდე არ უტარდება ფსიქოთერაპია – ომბუდსმენის ექსპერთა ჯგუფი დასკვნას აქვეყნებს

სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.

ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა. მათი დასკვნით, ამ ეტაპზე გამოხატულია შემდეგი ძირითადი პრობლემები:

  • ნევროლოგიური სიმპტომატიკა, კერძოდ, მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე;
  • პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიული აშლილობის კლინიკური ნიშნები;
  • ანემია;
  • რიგ მედიკამენტებთან, მათ შორის ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით გამოვლინდა უფრო ოპტიმალური დანიშნულების საჭიროება;
  • პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიის მიუხედავად, პაციენტს დღემდე არ უტარდება ფსიქოთერაპია.

სომატური თვალსაზრისით სააკაშვილის მდგომარეობას, მკურნალობის მიმდინარეობის ფონზე, ექიმები მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელად აფასებენ. თუმცა ექსპერტთა ჯგუფი წარმოადგენს დამატებით რეკომენდაციებს, რაც დეტალურად დანართში იქნება განხილული.

მათივე განცხადებით, საყურადღებოა, რომ ფსიქოთერაპიის ჩატარების შესახებ რეკომენდაცია ექსპერტთა ჯგუფმა ჯერ კიდევ 25 ნოემბრის დასკვნით გასცა, რაც ამ დრომდე არ შესრულებულა.

„ექსპერტთა ჯგუფს ამ მიმართულებით არსებული ფარმაკოლოგიური მკურნალობის მხრივაც გააჩნია გარკვეული სახის შენიშვნები, რომელიც ასევე დანართში იქნება წარმოდგენილი.

არასაკმარისი სიმძლავრით მიმდინარეობს ფიზიკური რეაბილიტაცია. ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ მკურნალობის ამ რგოლს შესაძლოა ხელი შეუწყოს ფსიქოთერაპიის დროულმა დაწყებამ“, – ვკითხულობთ ომბუდსმენის მიერ გამოქვეყნებულ ექსპერტთა ჯგუფის დაკსვნაში.

სააკაშვილის მკურნალობისა და სრულფასოვანი რეაბილიტაციის მიზნით ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ აუცილებელია:

  • პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიის მკურნალობის მიზნით, შესაბამისი ფსიქოთერაპიული ჩარევა;
  • ფსიქოთერაპიული ჩარევების, მოცულობისა და მეთოდების განსაზღვრის მიზნით, ჩატარდეს შესაბამისი დამატებითი კვლევები ამ სფეროს (მათ შორის, ფსიქოტრავმის სპეციალისტების) პროფესიონალების ჩართულობით;
  • ფიზიკური რეაბილიტაცია;
  • ფარმაკოლოგიური მკურნალობის კორექცია დანართში მოცემული დეტალური რეკომენდაციების შესაბამისად.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში 12 დეკემბერს მოინახულეს.  ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: აიდა გოზალოვამ, თენგიზ წულაძემ, გიორგი კაჭარავამ, ნინო ზავრაშვილმა, გრიგოლი ხურციძემ, გიორგი პაპიაშვილმა, გიორგი გრიგოლიამ და მარინე კურატაშვილმა. ექსპერტებმა მოინახულეს მიხეილ სააკაშვილი, შეაფასეს მისი სამედიცინო მდგომარეობა ადგილზე, ესაუბრნენ ექიმებს და გაეცნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემებს. ხაზგასასმელია ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალის სრულფასოვანი თანამშრომლობის მზაობა.

ვიზიტის შემდეგ ექსპერტთა ჯგუფმა ონლაინ დისკუსია გამართა, რომელშიც მონაწილეობა ასევე მიიღო ექსპერტმა მამუკა მაჩაიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი