სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრები მიხეილ სააკაშვილის ფარმაკოლოგიური წამების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ამის შესახებ ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა დღეს, 14 დეკემბერს, ისაუბრეს.
ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის ექიმი ნევროლოგი თენგიზ წულაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის პრეპარატი კეტილეპტი ტოქსიკური დოზით არ მიუციათ.
„ორგანიზმში ჩვენ ვერ დავაფიქსირებთ ამ წამალს, იმიტომ, რომ კვლვევა არ ტარდება ამ პრეპარატზე, რომელიც კეტილეპტის სახელით იყიდება. ჩვენ რაც ვნახეთ ისტორიაში, გადაჭარბებული დოზით პაციენტს არ მიუღია კეტილეპტი, ერთ -ერთ კონსილიუმში იყო ისეთი დოზით, რომელსაც არ ვეთანხმებით, მაგრამ თერაპიულ სიგანეში ჯდებოდა და არ იყო ის ტოქსიკური დოზით მიცემული. თუმცა ის დოზაც არ მიუციათ პაციენტისთვის. იმიტომ, რომ დანიშნულებაში იმ ექიმებს, რომლებიც გორში არიან, არ გადაუტანიათ. ასე რომ, ის მაღალი დოზა მას არ მიუღია.
საშიში იყო თუ არა, ვერ გეტყვით. სავარაუდოდ, არც ისე, იმიტომ, რომ თერაპიულ სიგანეში იყო 200 მილიგრამი, როცა პრეპარატის მაქსიმალური დოზა 600-დან 800 მილიგრამამდეა. ასე რომ, ვერ ვიტყვით და ვერ დავარქმევთ მასეთ მკვეთრ სახელს[ფარმაკოლოგიურ წამებას]“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.
ფსიქიატრ მარინა კურატაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის მიცემული წამლის დოზები არ ტოვებს ნიშნებს, რომ ვინმეს მისი ფარმაკოლოგიური წამება უნდოდა.
„არ ვადასტურებ[ფარმაკოლოგიურ წამებას]. მე ვერ ვხედავ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს. ბატონი მიხეილი მხოლოდ ერთხელ ვნახე და იმ ნახვისას ბატონ მიხეილს ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა. ასე რომ, ვერ დავადასტურებ. სათითაოდ გავეცანი მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც მას აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. აქ დოზები ნამდვილად არ ტოვებს ნიშნებს, რომ ვინმეს მისი ფარმაკოლოგიური წამება უნდოდა. რა იყო სხვა დაწესებულებებში, არ ვიცი, მაგრამ გავეცანი ჩემი კოლეგების კონსულტაციებს, სადაც ბატონი მიხეილის მონაყოლის მიხედვით არის დაფიქსირებული, თუ რა წამლებს იღებდა. იქ არის მაქსიმუმი დოზა კეტილეპტის – მას დანიშნული ჰქონდა 100 მილიგრამი და თუ 100 მილიგრამზე ვერ დაიძინებდა, ზოგჯერ მისი თხოვნითაც უმატებდნენ 50 მილიგრამს“, – განაცხადა მარინა კურატაშვილმა.
რაც შეეხება სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანას, ფსიქიატრის თქმით, ჯერ უნდა უნდა განისაზღვროს სააკაშვილის მკურნალობის და რეაბილიტაციის საჭიროებები და მერე უნდა შეფასდეს, რამდენად შესაძლებელია ამ საჭიროებების საქართველოში დაკმაყოფილება.
„თან ეს უნდა მოხდეს დინამიკაში. დღეს ჯერჯერობით მწვავე მდგომარეობა აქვს, შეიძლება ითქვას, და როდესაც ჩატარდება მკურნალობა და ფსიქოთერაპიაც მიეშველება, ვნახოთ, რა მდგომარეობაში იქნება ბატონი მიხეილი და მერე შევაფასოთ, კიდევ რა სჭირდება და რამდენად შეიძლება, ეს ჩვენს ქვეყანაში გაკეთდეს“, – განაცხადა მარინა კურატაშვილმა.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში 12 დეკემბერს მოინახულეს. როგორც ომბუდსმენი ნინო ლომჯარია აცხადებს, ექიმებმა სააკაშვილი სრულყოფილად გასინჯეს და სამედიცინო ჩანაწერებს გაეცნენ. მისივე თქმით, 9 ექიმისგან შემდგარმა ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა მოამზადა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება, რომელთაგან ერთ-ერთი საჯაროა, არასაჯარო ნაწილი კი სურვილის შემთხვევაში მხარეებს გადაეცემათ.