ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში მოშიმშილე ოპოზიციონერის მხარდასაჭერად შიმშილობა მისმა ახლობლებმა დაიწყეს

14 დეკემბერი, 2021 • 1150
აზერბაიჯანში მოშიმშილე ოპოზიციონერის მხარდასაჭერად შიმშილობა მისმა ახლობლებმა დაიწყეს

აზერბაიჯანის ციხეში მოშიმშილე ოპოზიციონერის,  სალეჰ რუსტამლის მხარდასაჭერად, შიმშილობა გამოაცხადეს ასევე მისმა ოთხმა ახლობელმა, რამდენიმე აქტივისტმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.

მათ შორის არიან ილკინ რუსტამზადე, სეიმურ აჰმედოვი, ჯეიჰუნ ნოვრუზოვი, მამედ ირაგიმი და ელმან გულიევი.

თავად სალეჰ რუსტამლი 13 დეკემბრიდან მშრალ შიმშილობაზე გადავიდა.

აზერბაიჯანში გიადაბეის რაიონის ყოფილი ხელმძღვანელი, ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვანი და ორგანიზებული ოპოზიციური ძალის, “სახალხო ფრონტის” ორ წევრთან ერთად, ორი წლის წინ დააპატიმრეს.

რაიონის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალდებები წაუყენეს რამდენიმე მუხლით [მათ შორის “უკანონო მეწარმეობის”, რაც აზერბაიჯანში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული აქტივისტების მიმართ ხშირად გამოიყენება].

სასამართლომ სალეჰ რუსტამლის 7 წელი და 3 თვე პატიმრობა მიუსაჯა. სწორედ ეს გახდა შიმშილობის გამოცხადების მიზეზი, რადგანაც პატიმარი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ციხიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

აზერბაიჯანის ხელისუფლება უკანასკნელი წლების განმავლობაში რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, უფლებამდამცველებსა და ჟურნალისტებს სხვადასხვა, მათ შორის, ყველაზე ხშირად, ნარკოტიკების მოხმარების ან გადასახადების დამალვის ბრალდებით აკავებს და ასამართლებს. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია, რასაც ასევე მოწმობს საერთაშორისო ანგარიშები.

მასალების გადაბეჭდვის წესი