ახალი ამბები

გვარამიას თქმით, გამომძიებელი სხდომაზე დაემუქრა

14 დეკემბერი, 2021 • 1322
გვარამიას თქმით, გამომძიებელი სხდომაზე დაემუქრა

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას გამომძიებელი სასამართლო სხდომის დარბაზში მოსამართლის თანდასწრებით დაემუქრა და გეგმავს, ამ საკითხზე პროკურატურას მიმართოს.

ნიკა გვარამიას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით კითხავდნენ მიხეილ სააკაშვილის საქმის ერთ-ერთ სასამართლო განხილვაზე გაკეთებული რეპლიკის გამო. გვარამიას თქმით, სხდომაზე მან პროკურორებს „გამოკვლევებულები“ უწოდა, რის გამოც პროკურატურამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო:

„პროკურორი კიდევ ამტკიცებდა, რომ მე ვიხმარე სიტყვა გამო*ლევებული, მის ციტირებას ვახდენ. რაზეც განემარტა მას, რომ ასე არ არის. მერე დაიწყო სიტყვა გამოკვლევებულის გამოკვლევა და პროცესის ბოლომდე სიტყვა გამოვკვლევებული ბოლომდე გამოკვლევებული გახდა იმიტომ, რომ მივხვდით, ეს რა არის, ეს არის ხუმრობა. გამომძიებელი ბატონი ბრეგვაძე მეკითხებოდა, მაგალითად ,სააკაშვილის მიმართ ვიხმარდი თუ არა ამ სიტყვას, იმავეს მეკითხებოდა „პოსტივი“ გორის ჰოსპიტლის წინ, რაზეც მე ვუთხარი, რომ ხუმრობით რა სიტყვას გამოვიყენებ, რა კონტექსტში, ჩემი საქმეა.

შემდეგ მე მკითხეს, ერთ მშვენიერ დღეს ჩემზე რომ დაიწყონ გამოკვლევებულით მომართვა, ვიქნები თუ არა შეურაცხყოფილი. ჩემი პასუხი იყო, ყველამ ერთ მშვენიერ დღეს რომ ბრეგვაძე მეძახოს, მე მაინც შეურაცხყოფილი ვიქნები იმიტომ, რომ მე მაქვს ჩემი სახელი და გვარი“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

მისი თქმით, სხდომა უკვე დასრულებული იყო, თუმცა მოსამართლე კვლავ დარბაზში იმყოფებოდა, როცა აღნიშნული რეპლიკა ხუმრობით კიდევ ერთხელ გამოიყენა, რაზეც გამომძიებელმა უთხრა, რომ „ცეცხლს ეთამაშებოდა“:

„საკითხი რომ დასრულდა, სხდომა უკვე დასრულებული იყო, მაგრამ მოსამართლე დარბაზში იმყოფებოდა. მე ვიკითხე, ხომ გამოვიკვლიეთ ყველაფერი, რაზეც მიპასუხეს, რომ კი. მე კიდევ ერთხელ ვიხუმრე, ანუ ყველაფერი გამოკვლევებულია-მეთქი? რაზეც გამომძიებელმა ბრეგვაძემ მოსამართლის თანდასწრებით მითხრა, რომ ცეცხლს ვეთამაშები. ცეცხლს ეთამაშები არის მუქარა, ამის შემდეგ მან დაიწყო მტკიცება, რომ ის ხუმრობდა.

ცეცხლს ეთამაშები არანაირ განზომილებაში არ წარმოადგენს ხუმრობას გამომძიებლის მხრიდან, არის ღია მუქარა პროცესის მონაწილის მიმართ. ამიტომ მე ამ საკითხთან დაკავშირებით შევიტან განცხადებას პროკურატურაში, მოვითხოვ გამოძიებას ბრეგვაძეზე მუქარის მუხლით და მოწმედ ამ საკითხთან დაკავშირებით დაიკითხება პროკურორი, მოსამართლე და სხდომის მდივანი. როგორც მოწმეები, მოვითხოვ გამოიკითხონ“, – ამბობს ნიკა გვარამია.

გვარამია განმარტავს რეპლიკას, რომლის გამოც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი