ახალი ამბები

გახარიას პარტია პარლამენტს მიმართავს, უკრაინის მხარდამჭერი აქტი მიიღოს

14 დეკემბერი, 2021 • 1089
გახარიას პარტია პარლამენტს მიმართავს, უკრაინის მხარდამჭერი აქტი მიიღოს

პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტს მიმართავს, უკრაინის მხარდამჭერი აქტი მიიღოს. ამის შესახებ პარტიის წევრმა მიხეილ დაუშვილმა დღეს, 14 დეკემბერს, პარლამენტის სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის, რაც ხდება უკრაინასთან დაკავშირებით, უდიდესი საფრთხეა არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ საქართველოსთვის, რეგიონისა და მთელი ევროპული უსაფრთხოებისთვის.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგიწოდებთ ყველას, თითოეულ დეპუტატს, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს უკრაინის მხარდამჭერი აქტი შემდეგი შინაარსით –  რომ ჩვენ გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მეგობარ, მოკავშირე, თავისუფლების მოყვარე უკრაინელი ხალხის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რომ მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს და დაგეგმილ ძალისმიერ სამხედრო აგრესიას, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ ასევე მიმართავს საქართველოს მთავრობა,ს გააგრძელოს კონსულტაციები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საჭიროების შემთხვევაში, აღმოუჩინოს ქმედითი პოლიტიკური, ტექნიკური და სხვა სახის მხარდაჭერა/დახმარება.

ასევე,  მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ ოფიციალური კიევის მხარდასაჭერად აქტიური მონაწილეობა მიიღოს გაეროს, ეუთოს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით უკრაინის საკითხზე დაგეგმილ ღონისძიებებში.

„საქართველოსთვის“ მიმართავს ევროკავშირსა და ნატო-საც, რომ გაათვითცნობიეროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე მზარდი გეოპოლიტიკური რისკები და იმუშაოს ამ ორგანიზაციებში საქართველოს და უკრაინის ინტეგრაციის პრაქტიკული ნაბიჯების მყისიერ შემუშავებაზე.

„ასევე, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული სამხედრო შენაერთები, შეწყვიტოს აზოვის ზღვაში მიმდინარე თუ დაგეგმილი პროვოკაციული ღონისძიებები და უკრაინის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში, აშშ-ს, ევროკავშირს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებს, რომ მიიღონ ქმედითი პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური ზომები უკრაინის მშვიდობისა და თავისუფლების მოყვარული მოქალაქეების დასახმარებლად, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიისგან უკრაინის დასაცავად და ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი