ახალი ამბები

გვინდა, საქართველოში არსებობდეს მუნიციპალური კინოთეატრი – ზურაბიშვილი

13 დეკემბერი, 2021 • 2053
გვინდა, საქართველოში არსებობდეს მუნიციპალური კინოთეატრი – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას სურს, რომ საქართველოში არსებობდეს მუნიციპალური კინოთეატრი და ასევე შენარჩუნდეს ისეთი ისტორიული შენობები, როგორიცაა აპოლოს და რუსთაველის კინოთეატრები.

ზურაბიშვილმა დღეს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს უმასპინძლა და სიტყვით გამოვიდა.

ზურაბიშვილის თქმით, კარგის ნიშანია, რომ აღნიშნული ფესტივალი უკვე 22 წელია ტარდება. თუმცა აქვე დასძინა, რომ კინომ ძალიან მძიმე დღეები გამოიარა, განსაკუთრებით, პანდემიის ფონზე.

„ფესტივალის ჩატარებამ მოგვცა იმის განახლებული სურვილი, რომ ამ დარგში კიდევ უფრო მეტი მოხდეს და წინ წავიწიოთ.

ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ევროპას მივუახლოვდეთ და შევუერთდეთ, გვინდა, რომ როგორც ევროპაში, საქართველოშიც იყოს მუნიციპალური კინო, არსებობდეს არა მხოლოდ ის კომერციული ნაწილი, რომელიც აუცილებელია და ამ ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილია, არამედ მუნიციპალიტეტმაც შეიტანოს თავისი წვლილი ამ საქმეში.

ჩემი ძალიან დიდი სურვილია, შევინარჩუნოთ ისტორიული სახე – თეატრები, რომლებიც ჩვენი კინოისტორიის ნაწილია, ანუ აპოლოს თეატრი, რუსთაველის თეატრი, კინოს სახლი, ეს სამივე რაღაცნაირად აღდგეს, გაცოცხლდეს, დაუბრუნდეს კინოს, გახდეს ჩვენი ნიშა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ის ასევე ისურვებდა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანა უფრო სწრაფად წავიდეს წინ – „რომ ჩვენი კინოს ორგანიზაცია ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდეს ერთ კინოორგანიზაციად. მინდა, რომ იყოს ერთი ცენტრი, რომელსაც უნდა მიეცეს მეტი საშუალებები; ერთი ცენტრი, სადაც ყველა იქნება; ერთი ადგილი, საიდანაც კოორდინაცია მოხდება და რომელიც იქნება წამყვანი ქართული კინოს გაცოცხლების საქმეში“.


სალომე ზურაბიშვილის მიერ დასახელებული ერთ-ერთი ძველი კინოთეატრი, კერძოდ – აპოლო, დღემდე უფუნქციოა. გარდა ისტორიული დატვირთვისა, უშუალოდ შენობაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ სტატიას ჩვენი არქივიდან:

რა ელის “აპოლოს“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი