გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევისას დაშავებული ვახტანგ ბერიკაშვილი დაზარალებულად ცნო. ამის სესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი [HRC] ავრცელებს, რომელიც ბერიკაშვილის ინტერესებს სასამართლოში იცავს.
ორგანიზაციის ცნობით, ბერიკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსი მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოში ყველა არსებული სამართლებრივი საშუალების გამოყენების შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართეს. ბერიკაშვილი გენერალურმა პროკურატურამ დაზარალებულად 2021 წლის 9 დეკემბერს ცნო.
“ადამიანის უფლებათა ცენტრი ითხოვდა, 20-21 ივნისის დაზარალებულებს დაუყოვნებლივ მინიჭებოდა დაზარალებულის სტატუსი. ორგანიზაციამ ეროვნულ დონეზე ყველა არსებული სამართლებრივი საშუალება გამოიყენა, რათა გენერალურ პროკურატურას ეწარმოებინა დროული, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება. დაზარალებულების სამართლიან მოთხოვნებზე უარის შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. შსს-ს მიერ დარბეულ დემონსტრაციაზე დაზარალებული მოქალაქე ევროპული კონვენციის მე-3, მე-10, მე-11 და მე-13 მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულ კიდევ სამ მოქალაქეს იცავს. მათაც დაზარალებულის სტატუსი პროკურატურამ მხოლოდ მას შემდეგ მიანიჭა, რაც სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი დაარეგისტრირა და ხელისუფლებასთან კომუნიკაცია დაიწყო. სწორედ იმ პერიოდში ცენტრმა კიდევ ერთხელ მოითხოვა ვახტანგ ბერიკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, მაგრამ წინა საქმეებზე არსებული გამოცდილების მიუხედავად, პროკურატურისგან კვლავ უარი მიიღო. 2021 წლის 9 დეკემბერს – უკვე მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს ამ საქმეზეც დაწყებული აქვს სახელმწიფოსთან კომუნიკაცია – პროკურატურამ ბერიკაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა”, – განმარტებულია განცხადებაში.
HRC-ის ცნობით, 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევისას ვახტანგ ბერიკაშვილმა სპეცრაზმელების ნასროლი, სავარაუდოდ, პლასტმასისა და კაუჩუკის შემცველი გაურკვეველი წარმოების ტყვიისგან ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო. ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ფიზიკური ჭრილობების გარდა ბერიკაშვილმა ძლიერი ემოციური სტრესი განიცადა.