ახალი ამბები

აცრებზე 60+ მოქალაქეების მიმართვიანობა ბოლო ერთი კვირაა გაჩერდა – გამყრელიძე

12 დეკემბერი, 2021 • 1428
აცრებზე 60+ მოქალაქეების მიმართვიანობა ბოლო ერთი კვირაა გაჩერდა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციაზე 60 წელს ზემოთ მოსახლეობის მიმართვიანობა გაჩერდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან განაცხადა.

“ბოლო ერთი კვირაა 60 წლის ზემოთ მოსახლეობის აცრებზე მიმართვიანობა გაჩერდა. ერთიანად, პირველი დოზით ჯერ მხოლოდ 86 ათასი ადამიანია აცრილი. ასევე, მთლიანად აცრების რაოდენობაში უკვე იზრდება ბუსტერის და მეორე დოზების გამოყენება. ამიტომ, მეტი მოწოდება გვჭირდება, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას პირველი დოზით”, – თქვა გამყრელიძემ.

მისი თქმით, 60 წელს ზემოთ მოსახლეობაში 50%-ზე ოდნავ მეტი ჯერ კიდევ აუცრელია.

ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის მიხედვით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს. ფულადი დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა. ამის შესახებ განცხადება 8 ნოემბერს გაკეთდა.

18 ნოემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც 60+ მოქალაქეებში აცრაზე მიმართვიანობა 332.41%-ით იყო გაზრდილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 12 დეკემბრის დილის მონაცემებით, ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 31 256 ადამიანს. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 230 347 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 43.3%-ს შეადგენს, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 1 046 097 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.6%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი