ახალი ამბები

არათუ დაპირისპირება, ასეთი მყარი ბოლო წლებში გუნდის შიგნით ურთიერთობა არ ყოფილა – მდინარაძე

11 დეკემბერი, 2021 • 1139
არათუ დაპირისპირება, ასეთი მყარი ბოლო წლებში გუნდის შიგნით ურთიერთობა არ ყოფილა – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის შიგნით დაპირისპირებაა არაა და გუნდის ლიდერებს შორის ურთიერთობა ასეთი მყარი ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა.

მისი თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა შესაძლოა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვოს „მოგონილი ჭორია“. როგორც მდინარაძე ამბობს,  ღარიბაშვილი „ამ ქვეყნის პატრიოტი კაცია“ და  საფუძველი არ აქვთ, რომ მისი მხრიდან თანამდებობის დატოვებაზე იფიქრონ.

„პირდაპირ გეუბნებით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, არათუ დაპირისპირება გუნდის ლიდერებს შორის, არამედ პირიქით, ასეთი მყარი ბოლო წლების განმავლობაში გუნდის შიგნით ლიდერებს შორის ურთიერთობა ნამდვილად არ ყოფილა[…] რაც ილაპარაკა[ეკატერინე ტიკარაძემ] მის განცხადებაში, ერთი ერთში იგივე მიზეზებზე საუბრობდა ამ დროის განმავლობაში.

ის ორ წელზე მეტი დროის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ურთულეს პერიოდში, წნეხი, ტვირთი ჯანდაცვის სფეროზე. ურთულესია, ძალიან დამღლელია და საპასუხისმგებლოა და ნებისმიერ ადამიანს გააჩნია რესურსი, რომლის შემდეგ ფიქრობს, რომ მან რაც შეეძლო გააკეთა და ახლა უნდა წავიდეს და სხვამ გააგრძელოს. დაახლოებით ეს ვორდინგი ჰქონდა“, – განაცხადა მდინარაძემ.


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება 9 დეკემბრის საღამოს გამოაცხადა.

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან ასევე განაცხადა, რომ პოსტის დატოვების მიუხედავად, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში განაგრძობს.

მედიაში გავრცელებული ინფრომაციით, ტიკარაძის გადადგომის მიზეზი ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირება გახდა.

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრად 2019 წლის ივნისში დაინიშნა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის მას.

მასალების გადაბეჭდვის წესი