ახალი ამბები

სააკაშვილი: პატრიოტული ხელისუფლება გენერალ ლორთქიფანიძეს უნდა აჯილდოებდეს

10 დეკემბერი, 2021 •
სააკაშვილი: პატრიოტული ხელისუფლება გენერალ ლორთქიფანიძეს უნდა აჯილდოებდეს

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანზე, რომელსაც პროკურატურამ დღეს სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმეზე ბრალი წაუყენა.

სააკაშვილი გიორგი ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენებას რუსულ დაკვეთად აფასებს და აცხადებს, რომ პატრიოტული ხელისუფლება მას ქვეყნის შიგნით დახმარებას უნდა სთხოვდეს და აჯილდოებდეს:

„გიორგი ლორთქიფანიძე არა მხოლოდ საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა, არამედ უკრაინაში, ყველაზე დიდი ოლქის, ოდესის, ჩემი გუბერნატორობის დროს, იყო ოლქის პოლიციის პირველი უფროსი ისტორიაში, რომელიც ქრთამს არ იღებდა.

სწორედ მან აღკვეთა რუსული დივერსიები ოდესაში. ის არის უკრაინის პოლიციის და უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალი და მაღალი თანამდებობის პირი. რაც მთავარია, მას აქვს არაერთი ძალიან წარმატებული ოპერაცია საქართველოშიც და უკრაინაშიც, რუსეთის დაზვერვის წინააღმდეგ და ითვლება რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ.

მე ნამდვილად არ მიკვირს იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც 9 წელიწადში არცერთი რუსეთის აგენტი არ გამოუვლენია, ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება. პირდაპირ რუსულ დაკვეთად მიმაჩნია და სრულ ლუსტრაციას ახდენს ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობის. პატრიოტული ქართული ხელისუფლება გენერალ ლორთქიფანიძეს საქართველოში უნდა სთხოვდეს დახმარებას და ასევე, აჯილდოებდეს“ ,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე პროკურატურამ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის [ვანო მერაბიშვილის მინისტრობისას], გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურის ბრიფინგზე გაკეთდა განცხადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი