სამართალი

სააკაშვილის საქმეზე მერაბიშვილის ყოფილ მოადგილეს წაუყენეს ბრალი

10 დეკემბერი, 2021 • 1991
სააკაშვილის საქმეზე მერაბიშვილის ყოფილ მოადგილეს წაუყენეს ბრალი

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე პროკურატურამ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის [ვანო მერაბიშვილის მინისტრობისას], გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურის ბრიფინგზე გაკეთდა განცხადება.

“მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ გიორგი ლორთქიფანიძისთვის ცნობილი იყო მიხეილ სააკაშვილის საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გეგმის შესახებ და მისი დახმარების მიზნით შეიმუშავა და დაგეგმა – თუ რა დროს, რა საშუალებით, რა მარშრუტით და რა ხერხით უნდა მომხდარიყო მსჯავრდებულ მიხელ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა”, – აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურის განცხადებით, გიორგი ლორთქიფანიძე 2021 წლის აპრილში შეხვდა ამავე საქმეზე ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას და “გარკვეული დახმარების სანაცვლოდ დაიყოლია”, რომ მისი კუთვნილი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაეყვანა.

2021 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში კი ლორთქიფანიძემ ცომაიას უკრაინაში ჩასვლა “მოსთხოვა”. ამის შემდეგ ცომაია 20 სექტემბერს „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით უკრაინაში გაემგზავრა, სადაც მანქანა რძის პროდუქტებით დატვირთა და ლორთქიფანიძის მითითებას დაელოდა.

“26 სექტემბერს ჩერნომორსკის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ლორთქიფანიძის კუთვნილი ავტომანქანით ძებნილი მიხეილ სააკაშვილი მიიყვანეს და ბრალდებულ ე.ც-ს კუთვნილ სატვირთო ავტომანქანის სალონში არსებულ წინასწარ მოწყობილ სამალავში გადასვეს, რის შემდგომაც გადაკვეთეს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და სატვირთო ავტომანქანა ბორანის ტიპის გემზე, სახელწოდებით „VILNIUS“ შეიყვანეს.

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 28 სექტემბერს ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა აღნიშნული გემი, რომლიდანაც 29 სექტემბერს ჩამოვიდა ე.ც-ს მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით და მისაბმელში იმყოფებოდა მსჯავრდებული სააკაშვილი.

ფოთის პორტის ტერიტორიაზე ე.წ. გეზთან, მათ ელოდებოდნენ შ.წ და ზ.წ. მათი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. გადასხდნენ. აღნიშნული ავტომანქანით მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში ჩავიდნენ.

29 სექტემბერს, ე.ც. და მიხეილ სააკაშვილი  „FORD“-ის ფირმის მიკროავტობუსით აბაშის რაიონის სოფელ ტყვირიდან გაემართნენ ბათუმის მიმართულებით და იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ.

იმავე დღეს მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში და გ.ნ—სთან ერთად ჩამოვიდნენ თბილისში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ე.ც-ს საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა. სამართალდამცველებმა იგი აღნიშნულ ბინაში 1 ოქტომბერს დააკავეს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გიორგი ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება.

პროკურატურის ცნობით, გიორგი ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეების დარბევის საქმეზე, სხვა პირებთან ერთად, ბრალდებულია სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

გიორგი ლორთქიფანიძე 2015-2016 წლებში უკრაინაში ოდესის პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი