ახალი ამბები

დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი ორ პირს დაუსწრებლად წარუდგინეს

7 ნოემბერი, 2023 • 1543
დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი ორ პირს დაუსწრებლად წარუდგინეს

დმანისის ყოფილი მერზე, გიორგი ტატუაშვილზე თავდასხმის ფაქტზე პროკურატურამ ორ პირს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ორ პირს ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარების ფაქტზე.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წარსულში არსებული წყენის გამო, მოკვლის განზრახვით, ავტომანქანით აედევნენ დმანისისკენ მოძრავ დაზარალებულის ავტომანქანას და ავტომანქანის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს.

ვინაიდან ბრალდებულები თავს არიდებდნენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარება)”, — წერს პროკურატურა.

ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ერთი კვირის წინ, პირველ ნოემბერს, გიორგი ტატუაშვილს დმანისთან თავს დაესხნენ. როგორც ის ამბობდა, მისი მანქანის მიმართულებით ხუთჯერ ისროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან.

ტატუაშვილი მომხდარს უკავშირებდა მის პოლიტიკურ საქმიანობას და „ქართული ოცნების ზონდერებს“ ადანაშაულებდა.

ყოფილი მერი „ფორმულასთან“ საუბარში ჰყვება, რომ თავდასხმისას დმანისიდან თბილისში მიემგზავრებოდა, ხოლო ნასროლი ხუთი ტყვია მოხვდა ავტომობილს – „ვიდეორეგისტრატორზე არის ჩანაწერი. მანქანას საბურავი აქვს დახვრეტილი, მძღოლის სავარძელშია გაჩერებული ტყვია“.

ტატუაშვილი დმანისის მერად 2017 წელს აირჩიეს – მაშინ ის „ოცნების“ წევრი იყო, თუმცა კონკურენტი კანდიდატის [კახა ოქრიაშვილი] საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერის გამო 2020-ში მმართველი პარტიიდან გარიცხეს. 2021-ში იგი კენჭს იყრიდა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მაგრამ მეორე ტურში განიცადა მარცხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი