ახალი ამბები

აშშ-ში მყოფი დეპუტატები ერიკა ოლსონს შეხვდნენ

10 დეკემბერი, 2021 • 1294
აშშ-ში მყოფი დეპუტატები ერიკა ოლსონს შეხვდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიულ საკითხებში ერიკა ოლსონს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ხანგრძლივი შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე, მათ შორის, უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის საკითხებზე ისაუბრეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს. განიხილეს მშვიდობიანი კავკასიის ფორმატში საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა.

“ქართულმა დელეგაციამ არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესებზე და რუსეთის მიერ ძალის გამოყენებით გავლენის დაბრუნების მცდელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე „3+3“ ფორმატის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც 10 დეკემბერს მოსკოვში უნდა გაიმართოს. საქართველოს პარლამენტის წევრებმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს მკაფიოდ განუმარტეს საქართველოს პოზიცია, თუ რატომ არის საქართველო წინააღმდეგი და რატომ არ მონაწილეობს ამ ფორმატში”, — ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

პარლამენტის ცნობით, ერიკა ოლსონთან შეხვედრისას განიხილეს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი, ეკონომიკური და დემოკრატიული მიმართულებით სამომავლო განვითარების შესაძლებლობები, მათ შორის, ისაუბრეს სასამართლო რეფორმაზე.

“ქართველმა დეპუტატებმა ღიად განაცხადეს, რომ ისინი მიესალმებიან სასამართლო რეფორმის შემდგომ განხორციელებას და მასში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას. როგორც აღინიშნა, შემდგომ რეფორმას სჭირდება ანალიზი იმისა, თუ რა გაკეთდა და რა საჭიროებები შეიძლება გამოიკვეთოს კიდევ, რათა მიღებული იქნას ახალი კანონმდებლობა და ის იყოს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში”, — აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობას, რაც შესაძლებელია პარლამენტში პოლიტიკური პარტიების ურთიერთთანამშრომლობით, საგნობრივი მსჯელობებით და დისკუსიებით.

შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის საკითხებში კარა მაკდონალდმა.

„ერიკა ოლსონთან ძალიან ხანგრძლივი, ნაყოფიერი და გულღია შეხვედრა გვქონდა. ჩვენ შევძელით ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი მოსაზრებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ, ერიკა ოლსონმა რამდენიმე დღის წინ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება რიგი დემოკრატიული პროცესების დაზიანების გამო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ განახორციელოს მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემის რეფორმები, რომლებზეც პასუხისმგებლობა აიღო.

ამ განცხადების კომენტირებისას, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ იკითხა, ვინ არის და რა თანამდებობა აქვს ერიკა ოლსონს.

„თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ? არ ვიცოდი, ეგეთი თანამდებობა თუ არსებობდა“, – განაცხადა კალაძემ.

მოგვიანებით კალაძემ განმარტა, რომ არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და უბრალოდ არ იცოდა, რა თანადებობა ჰქონდა ოლსონს.

მასალების გადაბეჭდვის წესი