ახალი ამბები

თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? – კალაძე ერიკა ოლსონის თანამდებობაზე

9 დეკემბერი, 2021 • 4172
თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? – კალაძე ერიკა ოლსონის თანამდებობაზე

თბილისის მერი და “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ არ იცის, ვინ არის ერიკა ოლსონი, რომელმაც გუშინ საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა.

კალაძემ დღეს ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, იღებს თუ არა ერიკა ოლსონის კრიტიკას საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

„ვინ არის, ვისზეც საუბრობთ? რა თაბნამდებობა აქვს?”, – განაცხადა კალაძემ.

მას ჟურნალისტმა უპასუხა, რომ ოლსონი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეა, რაზეც კალაძემ განაცხადა.

“თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ? არ ვიცოდი, ეგეთი თანამდებობა თუ არსებობდა“, – განაცხადა კალაძემ.

ერიკა ოლსონო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის თანამდებობას იკავებს და სამხრეთ ევროპასა და კავკასიაში პოლიტიკას ზედამხედველობს.

ერიკა ოლსონმა გუშინ Foreign Policy-ს და ექსპრემიერ მამუკა ბახტაძის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ განახორციელოს მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემის რეფორმები, რომლებზეც პასუხისმგებლობა აიღო. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ დააზიანა დემოკრატიული პროცესი. ოლსონის თქმით, აშშ-ს სურს, დაეხმაროს საქართველოს სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც თვითონ ქართველების გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის.

ერიკა ოლსონი, რომლის თანამდებობის შესახებაც კალაძე ამბობს, რომ არ იცოდა, ერთი თვის წინ საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა და ვიზიტის დროს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი